English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 ჩვენ შესახებ >> მიზნები
უნივერსიტეტის მისია და მიზნები
 
არსებული ვითარების დახასიათება
ქართულ საზოგადოებას, როგორც პოსტ-საბჭოთა საზოგადოებას, და მის საგანმანათლებლო სისტემას საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით ერგო მენტალურ-სისტემური ხარვეზი, რომელიც განაპირობა, ერთი მხრივ, საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულმა რეჟიმმა და, მეორე მხრივ, საბჭოთა კავშირში გაბატონებულმა მარქსისტულ-ლენინურმა იდეოლოგიამ.
 
დამახინჯებული, უფრო ზუსტად, პრიმიტიულად გაგებული მარქსიზმი, რომელსაც ლენინიზმი, როგორც თეორია და მოძღვრება წარმოადგენდა, საფუძვლად დაედო  ახალ რუსულ ბოლშევიკურ იმპერიას - საბჭოთა კავშირს და იქცა ამ სახელმწიფოს ერთადერთ და სავალდებულო იდეოლოგიად მისი არსებობის მთელ პერიოდში, ანუ 70 წლის განმავლობაში. იდეოლოგიას მსხვერპლად ეწირებოდა ყოვლად უტყუარი მეცნიერული მიღწევები და დასკვნები. განსაკუთრებით დაზარალდა ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა: ისტორია, სამართალმცოდნეობა, სოციოლოგია, ენათმეცნიერება, ფილოსოფია, ეკონომიკა, ფსიქოლოგია, ბიოლოგია და სხვა, რომლებსაც თავიანთი კვლევის შედეგები უნდა გაეაზრებინათ ე. წ. მარქსისტულ-ლენინური მოძღვრების საფუძველზე და ამ მოძღვრების ფარგლებში.
ტოტალიტარული რეჟიმი არ უწყობდა ხელს სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. პირიქით, ის შეგნებულად ახშობდა დემოკრატიის განვითარების, სამართლებრივი სახელმწიფოს შენებისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრებისაკენ მიმართულ ყოველ მისწრაფებას.
 
საბჭოთა სახელმწიფო მანქანამ წლების განმავლობაში გამოზარდა საზოგადოება გამრუდებული ფასეულობებით, განუვითარებელი სამართლებრივი და სამოქალაქო აზროვნებით ... საზოგადოება, რომლის წევრებს არ ჰქონდათ და ჯერაც არა აქვთ ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროების მართვისა და მენეჯმენტის თანამედროვე ცოდნა. ყოველივე ამის საჭიროებამ კი კატასტროფულად იჩინა თავი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
 
თანამედროვე ცოდნის დეფიციტი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა საქართველოსათვის, მით უფრო, რომ სწორედ ჩვენი ქვეყანა იქცა რუსული რევანშისტული სახელმწიფო მანქანისა და იდეოლოგიის შემოტევის უშუალო სამიზნედ და მსხვერპლად.
ჩვენი ქვეყნის გადარჩენის აუცილებელი პირობა მის სწრაფ ეკონომიკურ  წინსვლაში მდგომარეობს. ეს კი საუნივერსიტეტო სწავლების საფუძვლიანი გარდაქმნისა და მეცნიერების განვითარების თანამედროვე დასავლური დონის მიღწევის გარეშე შეუძლებელია.
 
როგორი ცოდნა ესაჭიროება ახალგაზრდას თანამედროვე ეტაპზე
ტექნიკისა და ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ სრულიად ახალი მოთხოვნები წაუყენა უმაღლეს სასწავლებლებს: წინ წამოიწია როგორც მეცნიერებისა და ტექნიკის, ისე საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროების მმართველი კადრის საჭიროება. ამ სფეროების მართვის გართულებამ და სრულიად ახალი მიმართულებების წარმოქმნამ განაპირობა მრავალდარგობრივი ცოდნის აუცილებლობა. აშკარა გახდა, რომ XXI საუკუნის ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ მომავალში წარმატებულ კარიერაზე უნდა ჰქონდეთ მრავალდარგობრივი განათლება და შემოქმედებითად აზროვნების უნარ-ჩვევები. თანაბრად ფლობდნენ, როგორც საზოგადოებრივ მეცნიერებებს: ანთროპოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, ფსიქოლოგია, ეკონომიკა, ასევე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, სტატისტიკას, კვლევის რაოდენობრივ და თვისობრივ მეთოდებს ..... , კარგად ერკვეოდნენ მართვის და მარკეტინგის უახლეს ტექნოლოგიებში.
 
უნივერსიტეტის მისია
 
ზოგადად
საქართველოს უნივერსიტეტის მისიაა თანამედროვე თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც თავიანთი ცხოვრების ნირითა და წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ ჩამორჩენილი, არასამართლებრივი, არადემოკრატიული საზოგადოების თანამედროვე ტიპის მაღალგანვითარებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოებად გარდაქმნას. ეს კი, თავის მხრივ, ქვეყნის ევრო-სტრუქტურებში, ევროკავშირში და NATO-ში  უფრო მჭიდრო ინტეგრაციის საწინდარია.
 
განათლებისა და მომსახურების მიმართულებით:
საქართველოს უნივერსიტეტი ერთობაა ადამიანების, რომელებიც იკვლევენ და სწავლობენ, თუ როგორ ჩააყენონ ცოდნა საზოგადოებისა და ქვეყნის სამსახურში. უნივერსიტეტის მისიაა ყველას მისცეს ისეთი განათლება და ცოდნა, რომ ცხოვრებაში პირადი წარმატებული კარიერის მეშვეობით, რომელიც დაეფუძნება ოთხ დედა-ბოძს: პატიოსნებას, ღირსებას, თავდაუზოგავ შრომასა და მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას, ემსახუროს საზოგადოებას, საკუთარ ერს, სახელმწიფოს და, შესაბამისად, მთელ კაცობრიობას.
სუ განათლება – მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განათლებაა
ამ მიმართულებით უნივესიტეტის მისიაა საზოგადოებას შესთავაზოს კვალიფიციურად აგებული თანამედროვე სასწავლო პროგრამები, რომლებიც გამოირჩევიან მრავალფეროვნებით. ამ პროგრამების მიზანია მისცეს სტუდენტს მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში ღრმა ცოდნა, გაუღვიძოს ინტელექტუალური განვითარებისადმი ინტერესი და გაუღრმავოს აზროვნებისა და ურთიერთობის უნარჩვევები, რაც მას გლობალურ საზოგადოებაში სწორი ორიენტაციის გამომუშავებაში დაეხმარება.
სუ - მრავალსაფეხურიანი სასწავლო დაწესებულება
საქართველოს უნივერსიტეტის მისიაა ისეთი მრავალსაფეხურიანი უმაღლესი განათლება (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო), რომელიც აგებულია ლიბერალური განათლების საფუძველზე და რომელშიც თანაბრად ექცევა ყურადღება, როგორც პროფესიული უნარჩვევების განვითარებას (თეორიას და პრაქტიკას), ისე სამეცნიერო კვლევასა და სამაგისტრო თუ სადოქტორო ნაშრომის შესრულებას.
სუ - კოლეგიალური და დემოკრატიული პრინციპების საზოგადოება
უნივერსიტეტის მისიაა, როგორც აკადემიური ისე ფართო საზოგადოება ჩართოს განსხვავებულ საზოგადოებრივ, თუ ეროვნულ ფასეულობებს შორის წარმოქმნილი კონფილქტების კვლევაში, რათა ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ინტელექტუალურ წინსვლას, ისევე როგორც ჩვენს მოქალაქეებში ერის, ქვეყნისა და ზოგადად კაცობრიობისადმი მსახურების მორალური პრინციპების ჩამოყალიბება-განვითარებას.
უნივერსიტეტი უპირველეს ყოვლისა დგას საქართველოს მოქალაქეთა სამსახურში, მაგრამ იმავდროულად ის ღიაა ყველა რასის, რწმენის, ეთნიკური წარმომავლობისა და ეროვნების სტუდენტებისათვის.
 
სუ ქალაქთან მიმართებაში:
უნივერსიტეტის მისიაა საზოგადოებას შესთავაზოს კამპუსური ცხოვრება, ანუ შექმნას მცირე ზომის «სასწავლო-სამეცნიერო ქალაქი», სტუდენტური ცხოვრების სათანადოდ შემუშავებული სასწავლო, კულტურული, სპორტული პროგრამებითა და საზოგადად აქტივობის იმ ფართო სპექტრით, რომელიც მათ მიერ არჩეული პროფესიის სიყვარულთან ერთად მიზანმიმართულად განუვითარებს სტუდენტებს საკუთარი ისტორიის, კულტურისა თუ თანამედროვეობისადმი სიყვარულს, ჩაუნერგავს მათ იმის ღრმა რწმენას, რომ კაცობრიობის წარმატებული მომავალი თვითოეული ერისა და მათ შორის მათი ერისა და ქვეყნის წარმატებულ მომავალს ეფუძნება. საუნივერსიტეტო «ქალაქში» გატარებული წლები მაღალი პროფესიული ცოდნის შეძენასთან ერთად ხელს შეუწყობს სტუდენტების პიროვნულ ზრდას, მყარი მეგობრული ურთიერთობებისა და საზოგადოებრივი პასუხიცმგებლობების ჩამოყალიბებას.
 
როგორც ქართული უნივერსიტეტი
XXI საუკუნე - გლობალიზაციის საუკუნეა. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მრავალმილიონიანი ერების კულტურები და მძლავრი ცივილიზაციები ჩაყლაპვით ემუქრებიან ისეთ პატარა ერებს, როგორიც ქართველებია. სინამდვილეში, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ ერთადერთი რაც ემუქრება არა მარტო მცირე ერების ეროვნულ კულტურებს, არამედ მრავალრიცხოვანი ერებისასაც, ეს ჩამორჩენილობა და უცოდინრობაა. მოწინავე იდეები და მოწინავე გამოცდილება, ისევე, როგორც სხვა კულტურების საუკეთესო მონაპოვრების გადმოღება და შეთვისება, არასოდეს ვნებს ეროვნულ კულტურას, არამედ აძლიერებს და ამდიდრებს მას. ამის საბუთად მარტო ქართული კულტურის არსებობის ხანგრძლივი ისტორიიდან ათასობით მაგალითი შეიძლება დავასახელოთ.
უნივერსიტეტის მისიაა, არა ბრძოლა მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციურ პროცესებთან, რაც დინების საწინააღმდეგოდ ცურვა იქნება, არამედ, ამ პროცესების მიერ შემოთავაზებული არნახული შესაძლებლობების ქართული კულტურისა და ცივილიზაციის ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად გამოყენება. სხვადასხვა პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით, ქვეყანაში და მის რეგიონებში თანამედროვე ცოდნისა და მართვის უნარ-ჩვევების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და ტერიტორიულ გამთლიანებას, ისევე როგორც კანონმორჩილი, სამოქალაქო საზოგადოების აღზრდას;
 დანარჩენ მსოფლიოსთან მიმართებაში
სუ-ის მისიაა დააინტერესოს სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და საერთოდ მთელი მსოფლიოს ახალგაზრდები, ჩამოვიდნენ და ისწავლონ მისი პროგრამებით. უნივერსიტეტი დაინტერესებულ სტუდენტებს სთავაზობს საზღვარგარეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლას ამ უნივერსიტეტებთან პარტნიორული ურთიერთთანამშრომ- ლობისა და ამ თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი გაცვლითი პროგრამების მეშვეობით.
 
 
უნივერსიტეტის მიზნები
საქართველოს უნივერსიტეტის მიზნებს განაპირობებს უნივერსიტეტის მისია.
შესაბამისად, სუ-ის უახლოესი  მიზნებია:
 
• საზოგადოებრივ მეცნიერებათა მიმართულებით სწავლება და ცოდნა საქართველოში მიუსადაგოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში არსებულ სტანდარტებს და 
  საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სამუშაოდ მოამზადოს თანამედროვე ამერიკული და ევროპული მართვის მეთოდებისა და მოდელების მცოდნე 
  მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებსაც მშობლიურთან ერთად სრულყოფილად ეცოდინებათ ინგლისური და, სურვილის შესაბამისად, სხვა უცხო ენები.
 
• თანამედროვე მაღალტექნოლოგიების ეპოქაში ახალგაზრდებს მისცეს მულტიდისციპლინური განათლება და განუვითაროს მათ შემოქმედებითად აზროვნების უნარ-
  ჩვევები, რათა ისინი იქცნენ მაქსიმალურად კონკურენტუნარიან ადამიანებად.
 
• თანამედროვე ეპოქა ადამიანებისაგან მოითხოვს სწავლის პროცესის უწყვეტობას. ფაქტობრივად, ყველა, ვისაც სურვილი აქვს არ ამოვარდეს აქტიური ცხოვრების
  ფერხულიდან, იძულებულია, მუდამ განაახლოს თავისი ცოდნა, ტრეინინგების, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებისა და პროგრამების, თუ, საერთოდ, ახალი
  პროფესიების შეძენის გზით. ამ მხრივ უნივესიტეტის მიზანია სპეციალური პროგრამების შემუშავება, რათა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში
  მომუშავე ადამიანებს მისცეს მათთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების როგორც მუდმივად განახლება-სრულყოფის, ისე ახალი ცოდნის შეძენის საშუალება.
 
• ყველა და ყველაფერი ჩააყენოს ეროვნული ინტერესის სამსახურში. ეროვნული ინტერესი კი გულისხმობს არა ყალბ პათოსს, არამედ დღეისთვის ქართულად
  არარსებული სახელმძღვანელოების შექმნას და, შესაბამისად, სტუდენტებისათვის მასალის მშობლიურ ენაზე მიწოდებას,  სათანადო ტერმინოლოგიის დამუშავებას,
  საზოგადოებაში თანამედროვე ცოდნის დანერგვას .... რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს მოქალაქეთა უკეთესი, უზრუნველყოფილი ცხოვრებისა და, როგორც
  შედეგი, ქართული კულტურისა და ქართული ცივილიზაციის აყვავებისა და წინსვლის საწინდარი გახდება. 
 
საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით