ჩასქროლე

და აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ხშირად დასმული კითხვები

რეგისტრაცია


როდის იწყება რეგისტრაცია პირველკურსელებისთვის?

პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საორიენტაციო დღეების განმავლობაში, 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით

რა არის საორიენტაციო დღეები?

საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური, რითაც საშუალება ეძლევათ, სწრაფად შეეგუონ საუნივერსიტეტო ცხოვრებას. საორიენტაციო დღეების გრაფიკს პირველკურსელი მიიღებს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.

რას გულისხმობს ადმინისტრაციული რეგისტრაცია?

სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციო ვადებში სწავლის საფასურის გადახდას და საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენას, ხოლო გაცვლით საგანმანთლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტის მიერ ამ პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენას.

რა დოკუმენტები უნდა წარმოადგინოს პირველკურსელმა ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად ?

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;
  • სკოლის ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფოტოსურათი (3X4);
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ( 2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის საფასური 10 ნაწილად გადაიხადონ). სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგ ბანკებში: "თიბისი", "ქართუ" და "ბაზისბანკი" (რეკვიზიტი საჭირო არ არის, უნდა წარადგინოთ მხოლოდ პირადობის მოწმობა).   სარეგისტრაციო დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს  ელექტრონულ მატარებელზე  (CD-ზე ჩაწერილი).
აქვს თუ არა სტუდენტს ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება დადგენილი ვადის შემდეგ?

პირველკურსელისათვის, რომელიც რეგისტრაციის დროს სრულად ვერ წარმოადგენს საჭირო საბუთებს საპატიო მიზეზების გამო, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.

სტუდენტს შეუძლია ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიაროს მიმდინარე წლის მაისის ბოლომდე და სწავლას დაიწყებს შემდეგი სემესტრიდან.

რა არის ფორმა 26 და სად არის შესაძლებელი მისი აღება?

ფორმა 26 არის ცნობა, რომლის წარდგენა ხდება შესაბამის სამხედრო განყოფილებაში და რომელიც ადასტურებს, რომ წარმდგენი არის ჩვენი უნივერსიტეტის მიმდინარე სტუდენტი.

ფორმა 26-ის აღება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის (მთავარი შენობა: კოსტავას 77ა) მეხუთე სართულზე, კანცელარიაში.



სწავლის საფასური და სტუდენტური სტატუსი


სად და როგორ ვიხდით სწავლის საფასურს?

სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია თიბისი ბანკში, ქართუ ბანკში და ბაზისბანკში პირადობის დამადასტურებელი ბარათით.

როგორ ნაწილდება სწავლის საფასური?

2018 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სწავლის საფასური 10 ნაწილად გადაიხადონ. აკადემიური რეგისტრაციის დროს აუცილებელია მოხდეს სწავლის საფასურის ერთი მეათედის გადახდა, თუმცა სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია თანხის წინასწარ გადახდაც. 

რა ხდება სწავლის საფასურის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში?

იმ შემთხვევაში,  თუ სტუდენტი დროულად არ გადაიხდის სწავლის საფასურს, უნივერსიტეტი ერთი კვირით ადრე გააფრთხილებს სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

ყველა სტუდენტს წინასწარ მისდის ინვიდუალური მესიჯები MyUG პორტალზე სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებით. სტუდენტს ევალება გაეცნოს ადმინისტრაციის სახელით მიღებულ შეტყობინებებს.



სასწავლო პროცესი


როდის იწყება სწავლა ბაკალავრებისთვის?

პირველკურსელი და მაღალკურსელი ბაკალავრებისთვის  სწავლა შემოდგომის სემესტრში 17 სექტემბერს იწყება.  დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: ბმული

როდის იწყება სწავლა მაგისტრებისთვის?

სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის სწავლა შემოდგომის სემესტრში 2018 წლის 24 სექტემბერს იწყება.

საგნებს და სალექციო ცხრილს მე ვირჩევ თუ უნივერსიტეტი ადგენს?

პირველი კურსის პირველი სემესტრის ცხრილს ადგენს უნივერსიტეტი. შემდგომ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, თავად გაიაროს რეგისტრაცია და შეადგინოს სასწავლო ცხრილი.

რამდენი კრედიტის არჩევის საშუალება ეძლევა სტუდენტს სემესტრის განმავლობაში?

წელიწადში სტუდენტს შეუძლია აიღოს მაქსიმუმ 75 კრედიტი,  აქედან გამომდინარე, სემესტრულად სტუდენტს  შეუძლია 30 კრედიტზე მეტის აღება.

რამდენი საათია 1 კრედიტი?

ერთი კრედიტი 30 საათია.

კრედიტების რაოდენობა წელიწადში (მაქსიმუმი/ მინიმუმი)

რედიტების რაოდენობაა მინიმუმ 60 და მაქსიმუმ 75.

რამდენ ქულიანია შეფასების სისტემა და როგორ ნაწილდება ქულები?

შეფასების სისტემა არის 100 ქულიანი. რაც შეეხება გადანაწილებას, ეს დამოკიდებულია სკოლაზე და არჩეულ ფაკულტეტზე.

რა შემთხვევაში იღებს სტუდენტი სტიპენდიას?

თუ შედეგების საშუალო არითმეტიკული არანაკლებ 91‐ია, სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება და სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება საქართველოს უნივერსიტეტში. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტიპენდია გაიცემა სტატუსის აღდგენის შემდეგ.  სტიპენტია  8 თვის განმავლობაში ერიცხება სტუდენტს თვეში 100 ლარის ოდენობით.

რა არის პრერეკვიზიტი?

  • პრერეკვიზიტი არის საგნის წინაპირობა
  • ალტერნატიული წინაპირობა
  • თანაპირობა
  • ალტერნატიული თანაპირობა
რა არის სილაბუსი?

სილაბუსი სასწავლო კურსის პროგრამაა. მასში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა, გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით. ასევე, ცოდნის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

რა არის ქვიზი?

ყოველკვირეული წერითი ან ზეპირი გამოკითხვა.

როდის ვისვენებთ?

სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს:

  • მარიამობას ‐ 28 აგვისტოს
  • გიორგობას ‐ 23 ნოემბერს
  • დამოუკიდებლობის დღეს ‐ 26 მაისს
  • საახალწლო არდადეგების განმავლობაში 28 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით
  • აღდგომის კვირას ‐ აღდგომის წინა ოთხშაბათიდან მომდევნო კვირის სამშაბათის ჩათვლით
  • საზაფხულო არდადეგების განმავლობაში- ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით
შესაძლებელია თუ არა დასაქმება სასწავლო პროცესის განმავლობაში?

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სასმსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხანგრძლივობა?

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს), ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 300/360 კრედიტს (10/12 სემესტრი), ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 120 კრედიტს (4 სემესტრს).

სწავლების ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს ბაკალავრიატში - 12, ერთსაფეხურიან პროგრამაზე 14/16, მაგისტრატურაში - 10 სემესტრის ჩათვლით.



სტუდენტის სტატუსი


რა შემთხვევაში ხდება სტუდენტის სტატუსის შეჩერება?

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა)  პირადი განცხადება,
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა,
გ)  აკადემიური რეგისტრაციის არ გავლა.
დ) სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენა

სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტი უნივერსიტეტის პრეზიდენტებს წარუდგენს წერილობით განცხადებას. სტატუსის შეჩერების მოთხოვნა სტუდენტს შეუძლია შესაბამისი სემესტრის ფინალურ გამოცდებამდე.

რა შემთხვევაში ხდება სტატუსის აღდგენა და რა ვადებში?

აღდგენისთვის განცხადება მიიღება:

  • შემოდგომის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად ‐ 20 მაისიდან 15 ივნისამდე;
  • გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად ‐ 30 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე;

სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის ვადის გადაცილებისას, სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს საბჭო. სტატუსის აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას აკადემიური საბჭო განსაზღვრავს სტატუსის აღდგენის პირობებს:

  • სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუ სტატუსის შეჩერების საფუძველი ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იყო;
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ ადმინისტარციული რეგისტრაციის არ  გავლის გამო, ვალდებულნი არიან გადაიხადონ როგორც სწავლის საფასური, ასევე ადმინისტარციული რეგისტრაციის  არ  გავლის  გამო დაკისრებული სანქცია;
  • სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა.

სტუდენტს სტატუსი არ აღუდგება, თუ არსებობს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების  დებულებით გათვალისწინებული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.



გამოცდები


რა შემთხვევაში ხდება გამოცდის გადატანა?

შუალედური შეფასების  აღდგენა -  თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს საგანში ორ ან მეტ შუალედური შეფასებას, მას აღუდგება მხოლოდ 1 შუალედური შეფასების ფორმა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) ოჯახის წევრის/ ახლო ნათესავის გარდაცვალება; გ) სახელმწიფო სამსახურში გამოცხადების აუცილებლობა.

ფინალური გამოცდის  აღდგენა - ფინალური გამოცდის აღდგენა ტარდება მხოლოდ ერთხელ გამოცდის აღდგენის კვირაში. ფინალური გამოცდის აღდგენის ვადა არ შეიძლება სცდებოდეს სასწავლო სემესტრის დასრულების ვადას. დასკვნით და შესაბამისი გამოცდის აღდგენას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა. აღდგენის ცხრილი სტუდენტს ეცნობება „ჩემი UG“–ის საგამოცდო ცხრილის მეშვეობით გამოცდის ჩატარებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე.

ავადმყოფობის გამო ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი წერს განცხადებას ჩემი UG-ის მეშვეობით შესაბამის შაბლონზე, არაუგვიანეს ფინალური გამოცდის მეორე დღისა, რომელსაც განიხილავს ექიმი და ავადმყოფობის საპატიო მიზეზად ჩათვლის შემთხვევაში დაკმაყოფილებულ განცხადებას გადასცემს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს. სტუდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ავადმყოფობის ცნობა ფინალური გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში. ცნობაში მითითებული უნდა იყოს, რომ კონკრეტულად გამოცდის მიმდინარეობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ქონდა სტუდენტს შესაძლებლობა დასწრებოდა გამოცდას. ექიმის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოცდა აღდგენას არ ექვემდებარება.

ფინალური გამოცდის სხვა მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტმა „ჩემი UG“–ის მეშვეობით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო სამუშაო დღისა და გამოცდის აღდგენამდე წარმოადგინოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამოცდის გაცდენის საპატიო მიზეზებია: ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის გარდაცვალება, მაგისტრანტის სამსახურებრივი მივლინება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. გამოცდის გაცდენის მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას აღადგენს გადასახადის გადახდის გარეშე.

სტუდენტი, რომლიც გამოირჩევა მნიშვნელოვანი წარმატებებით საზოგადოებრივი საქმიანობის, სპორტის ან ხელოვნების სფეროში, კერძოდ, თუ სტუდენტი არის საქართველოს ან საერთაშორისო ტურნირების, საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების გამარჯვებული, პრიზიორი, ლაურიატი და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სარგებლობს იმ გამოცდის უფასოდ აღდგენის უფლებით, რომლის გაცდენის მიზეზი შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობაა. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს გამოცდამდე ერთი სამუშაო დღით ადრე და განცხადებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს მიმართავს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო ორი სამუშაო დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს გამოცდის აღდგენის საფასურის გადახდის ქვითარი. გამოცდის აღდგენის საფასური დგინდება პრეზიდენტების აქტით.

რა შემთხვევაში ეთვლება სტუდენტს საგანი ჩავარდნილად?

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი დაძლეულია 51 ქულის (51%) მიღების შემთხვევაში; ამასთან, ფინალურ გამოცდაში უნდა აიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 20 ქულა.

სტუდენტი სარგებლობს ფინალური გამოცდის გადაბარების უფლებით შემდეგ შემთხვევებში:

  • სტუდენტი, რომელმაც ვერ მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური ქულა, მაგრამ შეფასებათა ფორმების ერთობლიობით (ქვიზი, შუალედური გამოცდა, პრეზენტაცია) უგროვდება 41 ქულა და ზევით, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.
  • სტუდენტი, რომელმაც მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური ქულა, მაგრამ ვერ დააგროვა 51 ქულა, მაგრამ დააგროვა მინიმუმ 41 ქულა, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.
როგორ ხდება გამოცდის შედეგების გასაჩივრება?

სტუდენტი უფლებამოსილია გაეცნოს ნაშრომს და გაასაჩივროს შუალედურ შეფასებაში მიღებული შედეგი მიღებული შეფასების UG სისტემაში ასახვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. შუალედური შეფასების გასაჩივრებაზე დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სკოლის დეპარტამენტის უფროსი.

ფინალური გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა სტუდენტი უფლებამოსილია „ჩემი UG“–ის მეშვეობით განცხადებით მიმართოს მისი სკოლის დირექტორს/დეპარტამენტის უფროსს და გაასაჩვროს ფინალური გამოცდის შედეგი. სტუდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს თუ რომელ საკითხს ან შეფასების რა ნაწილის აპროტესტებს. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს განცხადების განხილვასა და შედეგების სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისათვის მიწოდებას.



საერთაშორისო აღიარება


არის თუ არა ჩვენი დიპლომი საერთაშორისოდ აღიარებული ?

საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ის აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს უნივერსიტეტი არის ენიკ-ნარიკის წევრი უნივერსიტეტი (ENIC – European Network of Information Centers in the European Region, NARIC – National Academic Recognition Information Centers in the European Union).

გვაქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები?

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

საქართველოს უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართული იყო ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაში.

2015 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტში ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა. Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

ვის მივმართო გაცვლითი პროგრამების თაობაზე?

საქართველოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების საკითხებს კურირებს საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.



SHARE ON








ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი