მოგესალმებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების და მათემატიკის სკოლის სტუდენტებს, მომავალ სტუდენტებს და ყველას, ვისაც სურვილი აქვს უფრო ახლოს გაიცნოს ჩვენი სკოლის მუშაობა. მათემატიკისა და ინფორმატიკის სკოლა გთავაზობთ საუკეთესო პირობებს და რეალურ შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დონეზე დაეუფლონ სამომავლო პროფესიას.
მათემატიკის და ინფორმატიკის სიახლეების ცოდნა აუცილებელია ყველა დარგის პროფესიონალი სპეციალისტისათვის, ვინაიდან საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერებების მრავალი მიმართულებით არსებითი წარმატებები მიღწეულია შესაბამისი რეალური ობიექტების მათემატიკური მოდელირების შედეგად. აღნიშნულის გათვალისწინებით ჩვენი სკოლა უზრუნველყოფს მათემატიკის, სტატისტიკის და ინფორმატიკის საფუძვლების სწავლებას უნივერსიტეტის სხვადასხვა სპეციალობებზე.
ჩვენი სკოლის წარმატებებს მნიშვნელოვნად განაპირობებს მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც ეწევიან აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობას, სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში, არიან საქართველოს და საერთაშორისო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების გამარჯვებულები. სკოლის მეცნიერ–პედაგოგების დიდი სურვილია მომავალი სპეციალისტები ჩართონ მათ მიერ წამოწყებულ სამეცნიერო მუშაობაში. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად სტუდენტების ჩართვა სხვადასხვა კვლევით პროექტებში ხელს შეუწყობს მათი ცოდნის გაღრმავებას და ამავე დროს გამოუმუშავებს მათემატიკის და ინფორმატიკის მეთოდების გამოყენების უნარ–ჩვევებს რეალური ამოცანების გადასაწყვეტად.
საქართველოს უნივერსიტეტში შეძენილი საფუძვლიანი ცოდნა ჩვენი სკოლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელონ საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში.
სკოლის წარმატებული სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ამერიკის (სკრენტონის) უნივერსიტეტთან საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამაში.
მათემატიკის და ინფორმატიკის სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ წარმატებით დასაქმდნენ, როგორც სასწავლო–საგანმანათლებლო ორგანიზაციებში, ასევე კერძო და სამთავრობო სტრუქტურებში პრაქტიკული ამოცანების მოდელებზე დაყრდნობით ანალიზისა და გადაწყვეტილების მიღების, მონაცემების კომპიუტერული დამუშავების, პროგრამული უზრუნველყოფის მართვის სპეციალისტებად.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი სკოლის მომავალი სტუდენტები წარმატებით გააგრძელებენ არსებულს და საფუძველს ჩაუყრიან ახალ ტრადიციებს.
ინფორმაცია სკოლაში დაგეგმილი ყველა სიახლის შესახებ განთავსდება ჩვენი სკოლის ვებ–გვერდზე.
მათემატიკის და ინფორმატიკის სკოლა მოგიწოდებთ ხშირად ესტუმროთ ჩვენს ვებ–გვერდს, აქტიურად ჩაერთოთ სკოლის ღონისძიებებში და მოგვაწოდოთ საინტერესო წინადადებები.
გისურვებთ წარმატებებს!
სკოლის დირექტორი
მარიამ ავალიშვილი

