მთავარი
Online სისტემები
ვებმეილი
სამართლის სკოლა

ისტორია

სამართლის სკოლას საფუძველი 2004 წელს ჩაეყარა, როდესაც ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტში დაიწყო ლექციების კურსის კითხვა აშშ- ს სამართლის ისტორიის, აშშ-ს პოლიტიკური სისტემისა და ევროპის ქვეყნების სამართლებრივი სისტემების შედარებითი სამართალმცოდნეობის შესახებ.
2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში ოფიციალურად იქნა დაარსებული სამართლის სკოლა. 2006 წლის თებერვლიდან სამართლის სკოლამ სასწავლო პროცესი დაიწყო სამაგისტრო პროგრამების განხორციელებით. 2006 წლის სექტემბერში კი, საბაკალავრო პროგრამის ამოქმედება დაიწყო. 2007 წლიდან ფუნქციონირებს დოქტორანტურა. 2007 წლის 1 ნოემბრიდან სამართლის სკოლაში დაიწყო უმაღლესი პროფესიული განათლების პროგრამის განხორციელება.

მისია

სამართლის სკოლის მისია არის იმ ინტელექტუალური, სამეცნიერო, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაგროვება, დაცვა, გამრავლება და გავრცელება, რომლებიც ხელს უწყობენ პიროვნებისა და საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას საქართველოს სახელმწიფოს გაძლიერებისათვის.

მიზანი

სამართლის სკოლის მიზანია, აღზარდოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები სამართლის სფეროში; დაამკვიდროს განათლების მაღალი სტანდარტი და მოთხოვნის შესაბამისად, მუდმივად განავითაროს საგანმანათლებლო პროგრამები; აზიაროს სტუდენტები საქართველოსა თუ საზღვარგარეთის წამყვანი იურიდიული ცენტრების გამოცდილებას; ხელი შეუწყოს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულს მოახდინოს ცოდნის რეალიზაცია შრომით ბაზარზე.
მოცემული მიზნის მისაღწევად, სამართლის სკოლა ამყარებს ურთიერთობას საქართველოსა თუ საზღვარგარეთის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; თანამშრომლობს საქართველოს სხვადასხვა დონის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, აფორმებს მათთან თანამშრომლობის მემორანდუმებს; იწვევს საუკეთესო სპეციალისტებს სალექციო კურსის გასაძღოლად; უზღუნველყოფს საუკეთესო სასწავლო გარემოს; მიმართავს სწავლების როგორც უახლეს, ასევე უკვე აპრობირებულ მეთოდებს; ხელს უწყობს და ეხმარება სტუდენტებს ინიციატივების გამოვლენაში.

რესურსი

საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა შესაძლებლობას გაძლევთ, სრულყოფილად დაეუფლოთ იურიდიულ განათლებას. ჩვენთან მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, უმაღლესი განათლების მიღების ოთხივე საფეხური. საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში მოქმედებს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS). სკოლაში სწავლება სტუდენტზეა ორიენტირებული და ემყარება სტუდენტის აკადემიური მოსწრების მუდმივ შეფასებას.
საქართველოს უნივერსიტეტში არსებულ სამართლის სკოლაში ყველა პირობა არსებობს თქვენი პროფესიონალ სამართალმცოდნედ ჩამოყალიბებისათვის. მოწინავე პროფესორები, რომელთა უმრავლესობას იურიდიული განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში აქვს მიღებული: მერაბ ტურავა, ანა ფირცხალაშვილი, მარიამ ცისკაძე და ა.შ.; თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი აუდიტორიები; მუდმივადგანახლებადი, იურიდიული ლიტერატურით მდიდარი ბიბლიოთეკა, მათ შორის უცხოენოვანი ელექტრონული ბიბლიოთეკა; კომპიუტერული კლასი, უზრუნველყოფილი მუდმივი ინტერნეტკავშირითა და სამართლებრივი აქტების საძიებო სისტემით; კრიმინალისტიკის კლინიკა და იმიტირებული სასამართლოს პროცესის დარბაზი. ეს არის სამართლის სკოლის სავიზიტო ბარათი და თქვენი წარმატების წინაპირობა!


სასწავლო პროცესი ითვალისწინებს ინგლისური ენის შესწავლის ინტენსიურ კურსს, განსაკუთრებით კი, ინგლისურ ენაზე იურიდიული ტერმინოლოგიის შესწავლას, რათა შეძლოთ ინგლისურენოვანი იურიდიული ლიტერატურის, კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის თავისუფლად გაგება, გადმოცემა და პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება. ეს კარგი საფუძველი იქნება თქვენთვის იმ უცხოურ უნივერსიტეტში მივლინებისათვის, რომელთანაც ჩვენ გაცვლითი პროგრამებით ვთანამშრომლობთ. თქვენ იქნებით კონკურენტუნარიანი უცხოურ ორგანიზაციებსა თუ ფირმებში იურისტად მუშაობისთვის.
მათ, ვისაც სამეცნიერო მუშაობა აინტერესებს, სამართლის სკოლა სთავაზობს პედაგოგების მეთოდურ ხელმძღვანელობას, უცხოური ლიტერატურის სიუხვესა და განსაკუთრებულ შემთხვევაში, დასავლეთის ცნობილ უნივერსიტეტებში სამეცნიერო მივლინებას. უნივერსიტეტში არსებული გამომცემლობა თქვენ შესაძლებლობას მოგცემთ, გამოაქვეყნოთ თქვენი სტატიები.
სამართლის სკოლის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ კონფერენციებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, გვყავს გამარჯვებულებიც, მაგალითად, TraCCC-CO ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის დაფინანსებით და მხარდაჭერით გამართულ კონკურსში "ორგანიზაციული დანაშაული და კორუფცია საქართველოში" და სხვა.
სამართლის სკოლის მართვა თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპებს ემყარება, რაც, პირველ რიგში, სტუდენტებისათვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას, მათთვის ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, სტუდენტსა და ადმინისტრაციას შორის უშუალო ურთიერთობასა და თავისუფალი ატმოსფეროს შექმნას ნიშნავს.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს მომავალი თაობის არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ფიზიკურ აღზრდას. უნივერსიტეტს აქვს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ბაზა, რომლითაც სტუდენტები სარგებლობენ.
ჩვენ მზად ვართ, მთავარია თქვენი გადაწყვეტილება და მონდომება.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება.
"საქართველოს უნივერსიტეტი"
© 2005- . ყველა უფლება დაცულია
საიტის შექმნის თარიღი: 19.01.2006
ბოლო განახლების თარიღი: 14.06.2013
best tracker