რექტორი და მისი მმართველობის სფერო
რექტორი - უნივერსიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირი და, წინამდებარე წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, მისი ერთპიროვნული მმართველია; რექტორი ხელმძღვანელობს რა საუნივერსიტეტო წესდებით, ასევე მეურვეთა საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებებით, იღებს გადაწყვეტილებებს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე; პასუხისმგებელია უნივერსიტეტის კომერციული, სამეურნეო და შემოქმედებითი საქმიანობის საბოლოო შედეგებზე და ანგარიშვალდებულია მხოლოდ მეურვეთა საბჭოს წინაშე.
იგი:
- პასუხისმგებელია უნივერსიტეტის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
- წარმოადგენს უნივერსიტეტს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში, რომლის დროსაც ის მოქმედებს ერთპიროვნულად და მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეუზღუდავია;
- გამოსცემს უნივერსიტეტის საქმიანობის გადამწყვეტ საორგანიზაციო(როგორც ადმინისტრაციული, ისე საგანმანათლებლო/სასწავლო სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის ჩათვლით) და განმკარგულებელი ხასიათის დოკუმენტებს, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
- დებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, წყვეტს კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს;
- წარმომადგენლობითი (დიდი) საბჭოს წინადადებით, ადგენს სწავლის გადასახადის ოდენობას და გადახდის ფორმებს;
- გასცემს განათლების დამადასტურებელ მოწმობებს წინასწარ განსაზღვრული ფორმისა და წესის მიხედვით; რექტორი უფლებამოსილია შეაჩეროს უნივერსიტეტის ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაწყვეტილება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ის:
- უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების საერთო წესის შესაბამისად, ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს და აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად;
- აფორმებს ხელშეკრულებებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალთან, სტუდენტებთან;
- თანამდებობებზე ნიშნავს უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს;
- დასამტკიცებლად წარუდგენს მეურვეთა საბჭოს საუნივერსიტეტო წესდების, აგრეთვე მასში ცვლილებების და/ან დამატებების პროექტებს;
- ანაწილებს მოვალეობებს უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს შორის;
- თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი (დიდი) საბჭოს სხდომებს;
- განაგებს უნივერსიტეტის ფინანსებს;
- განკარგავს უნივერსიტეტის ქონებას.
უნივერსიტეტის რექტორი მეურვეთა საბჭოს მიერ აირჩევა 5 წლით, ხელახალი არჩევის უფლებით. რექტორი ნიშნავს და მასზე დაკისრებული მოვალეობების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის ნებისმიერ თანამშრომელს.
რექტორის უფლებამოსილების დელეგირება.
რექტორი უფლებამოსილია მისი არყოფნის ან/და სხვა შემთხვევაში მისი შეხედულებისამებრ, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების უფლება მიანიჭოს ერთ-ერთ პრორექტორს. პრორექტორს გააჩნია იგივე უფლებები, რაც ამ წესდებით მიკუთვნებული აქვს რექტორს, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აკადემიურ, ადმინისტრაციულ თანამდებობებზე პირთა დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლებისა.

