English Version
გამოიწერეთ სიახლეები

ვებ.ფოსტა

სახელი
პაროლი  

 
best tracker

 

 












 კონტაქტი >> საქართველო
 
საქართველოს ისტორია კალმის ერთი მოსმით
 
საქართველო უძველესი მითების ქვეყანაა. სწორედ აქ, სახელგანთქმულ “ოქრომრავალ” კოლხეთში მიაჯაჭვეს მიუვალ კლდეზე პრომეთეოსი, რომელიც ღვთიური ცეცხლის მოტაცებისა და მისი ხალხისთვის გადაცემის გამო დაისაჯა. იმავე უძველესი კოლხეთიდან გაიტანეს არგონავტებმა “ოქროს საწმისიც”.
მითოლოგიურ სიძველეებს უკავშირდება ასევე ქართული პოლიფონიური სიმღერები, ქართული როკვა, უმდიდრესი ქართული ფოლკლორი. ამავე საწყისთან მივყავართ განსაცვიფრებელი ქართული გამოყენებითი ხელოვნების ფესვებსაც.
საქართველო მდებარეობს სამხრეთ კავკასიაში. მისი ტერიტორია შეადგენს 69,5 ათას კვადრატულ კილომეტრს, ხოლო მოსახლეობა - დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს. საქართველოს დედაქალაქია თბილისი, ევროპისა და მცირე აზიის ქალაქთაგან ერთ-ერთი უძველესი. იგი V საუკუნეში დაარსა აღმოსავლურ ქართული სახელმწიფოს - ქართლის სამეფოს - დიდმა მეფემ ვახტანგ გორგასალმა.
უძველესი ქართული ქალაქები: ქუთაისი-ქუთაია, სოხუმი-ცხუმი-დიოსკურია, ბათუმი-ბატისი, ვანი-სურიონი, საირმე-სარეკი, არმაზციხე-არმაზიკე, მცხეთა, უფლისციხე და სხვა. სათავეს იღებენ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში, ზოგიერთი კი - დასაწყისშიც. არქეოლოგთა მიერ გამოვლენილი უძველესი ქალაქითა ნანგრევები, ისევე, როგორც, იქვე ნაპოვნი კერამიკის, ბრინჯაოს, ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობანი მნახველს ანცვიფრებს და მიუთითებს შორეულ დროთა ქართველი ხელოსნების უმაღლესი დონის ოსტატობაზე.
 
ბუნება
საქართველოს ბუნებაც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თოვლით დაფარულ კავკასიონის ქედს შავი ზღვის თბილი ტალღები ელამუნება, ხოლო სუბტროპიკების გვერდით ნახევარუდაბნო  მეზობლობს. საქართველოს ყველა კუთხე განსაკუთრებული, მისთვის დამახასიათებელი სიტურფით გამოირჩევა, მაგრამ ტურისტთა განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს საქართველოს მაღალმთიანი მხარეები: სვანეთი, ხევსურეთი, თუშეთი. სწორედ ბუნების მრავალფეროვნებამ და ზომიერმა ჰავამ მოიზიდა აქ პირველი ,,ევროპელები”: უძველესი ქალაქის, დმანისის მიდამოებში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის ორი თავის ქალა. მათი ასაკი მეცნიერთა მონაცემებით 1,7-1,8 მილიონ წელს უნდა შეადგენდეს. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლინდა პალეოლითის, მეზოლითისა და ნეოლითის ყველა ეტაპი. თვითმყოფადი ადრე სამიწადმოქმედო ცივილიზაცია დასტურდება ჯერ კიდევ ენეოლითის ეპოქაში და იგი თარიღდება ძვ.წ. VII-VI ათასწლეულით. საქართველო ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ-ერთ ადრეულ ცენტრსაც წარმოადგენს. ბრინჯაოს ხანა მის ტერიტორიაზე თარიღდება IV ათასწლეულის შუა ხანით და წარმოდგენილია ისეთი მაღალგანვითარებული სამიწათმოქმედო კულტურებით, როგორიცაა “მტკვარ-არაქსისა” და “კოლხური”, ამავე რიგშია ბრწყინვალე მესაქონლეობის “დიადი ყურღანების კულტურა”.
 
საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოებრიობის ისტორია, ასევე წარმოუდგენლად შორეულ დროს უკავშირდება. დასავლურ ქართული სახელმწიფო ეგრისის, ამავე კოლხეთის აღმოცენებას  მეცნიერები ძვ.წ. XV-XIII სს-ით ათარიღებენ, ხოლო აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფო ქართლისას კი- ძვ.წ. VI-IV.
 
გასაკვირი არ არის რომ, ამგვარი უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა მარცვლეული კულტურების ერთ-ერთ სამშობლოსაც წარმოადგენდა. მსოფლიოში დღემდე ცნობილი ხორბლის 19 სახეობიდან საქართველოში დღემდეა შემორჩენილი 14 სახეობა.
საქართველო, ასევე, ადრეული მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად ითვლება. მსოფლიოში ცნობილი ვაზის 4 ათასი სახეობიდან საქართველოში შემორჩენილია 500 მათგანი.
 
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობაც ძლიერ მოსახერხებელია. იგი მდებარეობს უძველესი სავაჭრო გზების გასაყარზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთსა ჩრდილოეთიდან სამხრეთის გზაჯვარედინზე. აქედან გამომდიანრე, საქართველო უძველესი დროიდანვე: ”დიდი აბრეშუმის გზის” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენდა. ამ გზის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. II ათასწლეულშია დადასტურებული არქეოლოგიური მონაცემებით. ამ დროისათვის საქართველო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის გადებულ ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა. ქართული სახელმწიფოებრივობა, ქართველი ერი და საზოგადოდ ქართული ცივილიზაცია სწორედ ამ ორი “სამყაროს” მიჯნზე წარმოიშვა. მან შეითვისა და გაითავისა მათი მიღწევები.
საქართველო შედიოდა იმ ქვეყნების რიგში, რომელთაც ყველაზე ადრე გადაიღეს და შეითვისეს ჩინელებისაგან მეაბრეშუმეობა ჯერ კიდევ V საუკუნეში. IX საუკუნიდან აბრეშუმი პირველ ადგილს იკავებს ქვეყნის საექსსპორტო პროდუქციის სიაში. IX-XIV სს-ში აბრეშუმის წარმოება ისეთ სიმაღლეზე ადის, რომ ზოგჯერ ჩინურ აბრეშუმსაც კი ჯაბნის მსოფლიო ბაზარზე. ჩვენამდე მოაღწია აღნიშნული ქსოვილის გასაოცარი სილამაზის ფრაგმენტებმა. “დიდმა აბრეშუმის გზამ” და ვაჭრობისა და ხელოსნური ნაწარმის მაღალმა დონემ უფრო ადრე  ადგილზე მოჭრილი მონეტების გამოჩენა განაპირობა. პირველი ვერცხლის მონეტების მოჭრა, რომელთაც მეცნიერებმა “კოლხური თეთრი” შეარქვეს, აქ იწყება ძვ. წ. VI ს.-ში. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბერძნული დამწერლობის პირველი ნიმუშები, რომლებიც ამოკვეთილია ადგილობრივი წერის ოსტატების მიერ. ჩვ.წ. I-IIIსს. განეკუთვნება არამეული დამწერლობის ადგილობრივი ნაირსახეობა, რომელსაც მეცნიერები “არმაზულს” უწოდებენ.
 
ქართული ორიგინალური დამწერლობა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი 14 ანბანური წერითი სისტემიდან ერთ-ერთია, შეიქმნა ჩვ. წ. IV საუკუნეში, თუმცა ძველი ქრონიკები მის შექმნას ქართული სახელმწიფოს -ქართლის –პირველი მეფის ფარნავაზის (ძვ. წ. IV ბოლო – III ს. შუა წლები) მმართველობას მიაწერენ.
ჩვენამდე მოღწეული ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები V საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. ამ დამწერლობის შექმნის მოტივი სავარაუდოა, იყოს ქართული სამეფოების - როგორც ეგრისის (ლაზიკა), ასევე ქართლის (იბერია)- მიერ ქრისტიანობის როგორც სახელმწიფო რელიგიის მიღება.
ქრისტიანული რელიგია საქართველოში ჩვ. წ. I საუკუნიდან ვრცელდებოდა. ქრისტიანული თემების არსებობას საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგები უკვე II-III საუკუნეებში აფიქსირებენ. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღმოსავლურ-ქართული ქართლის სამეფოში 326 წელს გამოცხადდა მირიანის მმართველობისას წმ. ნინოს საგანმანათლებლო მოღვაწეობის შედეგად. დაახლოებით ამავე პერიოდში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგია ხდება დასავლურ-ქართულ სამეფო ეგრისშიც (ლაზიკა). საყურადღებოა ღინიშნოს, რომ ნიკეას პირველ კრებას 325წ. ეგრისიდან ესწრებოდა ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე, ხოლო კონსტანტინოპოლის მეორე კრებას 381წ. კი –ქრთლის ეპისკოპოსი პანტოფილე.
 
ამგვარად, საქართველოს ეპისკოპოსები უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ ქრისტიანული რწმენის სიმბოლოს შემუშავებაში.
საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესი ავტოკეფალური ეკლესიაა. მისი ავტოკეფალიის ისტორია იწყება Vს II ნახევრიდან და სრულდება სრული დამოუკიდებლობის მოპოვებით კოსტანტინოპოლის VI მსოფლიო კრებაზე 681 წელს. XI საუკუნიდან მოყოლებული სრულიად საქართველოს კათალიკოსი უკვე პატრიარქის ტიტულს ატარებს და რიგით მეექვსეა რომის პაპის, კოსტანტინოპოლის, ანტიოქიის, იერუსალიმისა და ალექსანდრიის პარტიარქების შემდეგ.
გადაიტანა რა სამასწლოვანი არაბული მმართველობა ( VII საუკუნის შუა წლებიდან X საუკუნის დასაწყისამდე.) X საუკუნის ბოლოსა და XI საუკუნის დასაწყისში დანაწევრებული ქართული სამეფოები და საფეოდალოები აღმოჩნდა გაერთიანებული ქართული მონარქიის სათავეში ბაგრატ III-ის სახით (978-1014წწ.) აღმოჩნდა ბაგრატიონთა დინასტია. ბაგრატიონები უძველესი გვარია, რომელთა საგვარეულო წარმომავლობა, სავარაუდოა, აქემენიდების ხანის სპარსულ სატრაპებიდან იღებდეს სათავეს. მაკედონელის შემდგომი ხანიდან III საუკუნის შუა წლებში ამ საგვარეულოს წარმომადგენელები საკუთარ მონეტებსაც კი ჭრიდნენ წარწერით :”ბაღადათ ბივრათ”, რაც სპარსულად “ღვთით მოძებულ ბივრათს” ნიშნავს. გავრცელებული ლეგენდის თანახმად, რომელიც წერილობით აისახა X საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოს-იმპერატორის კოსტანტინე პორფირომენტის შემოქმედებაში, ბაგრატიონთა გვარის წარმომავლობა ებრაელთა მეფე დავითს უკავშირდება.
 
ქვეყნის საბოლოო გაერთიანება რამდენიმე ათწლეულით შეაფერხა თურქ-სელჩუკთა  შემოსევებმა. დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125წწ.) შეძლო განედევნა დამპყრობნი და დაესრულებინა ქვეყნის გაერთიანება. მისი მმართველობის ხანაში საქართველოს გარშემო შემოიკრიბა მთელი კავკასია. საქართველოს მომდევნო მეფეთა მმართველობის ხანაში-იგულისხმება დემეტრე I (1125-1156წწ.), გიორგი III (1156-1184წწ.), თამარ მეფე (1184-1110წწ.) და გიორგი IV (1110-1123წწ.) საქართველო იქცა ერთ-ერთ უმძლავრეს ზესახელმწიფოდ ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის, რუმის სასულთნოსა და ხვარაზმის გვერდით. მისი ტერიტორია გადაჭიმული იყო მდინარე ყუბანის შესართავიდან დარუბანდამდე და თერგის შუა წელიდან ერზუმსა და მდიანრე არაქსამდე.
 
ქვეყნის გაერთიანებამ და მისმა გადაქცევამ ევროპისა და აზიის უმძლავრეს სახელმწიფოდ კულტურის არნახული აყვავება. X-XIII საუკუნეები ქართული ხელოვნებისა და ზოგადად ქართული ფეოდალური კულტურის განვითარების ოქროს ხანაა”. აზრისა და ფორმის აყვავებამ თანადროულად ასახვა ჰპოვა ხუროთმოძღვარების თვითმყოფად ძეგლებში, მომუმენტურულ ფერწერაში, ხატწერაში, მინიატურულ მხატვრობაში, მოზაიკასა და ხელოვნების სხვა ქმნილებებში. ისეთი ძეგლების ნანგრევებიც კი, როგორიცაა ბანა, იშხანი, კუმურდო, ოპიზა, შატბერდი, ხანძთა (თურქეთის ტერიტორიაზე), ქუთაისის ღვთისმშობლის ტაძარი (ბაგრატი) და მრავალი სხვ. მნახველს აოცებს თავისი ბრწყინვალებით. განვითარებული ფეოდალური ხუროთმოძღვრების მწვერვალს კი წარმოადგენს XI ს. მცხეთაში აღმართული საპატრიარქო კათედრალური ტაძარი სვეტიცხოველი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის რეზიდენცია, 50 მეტრის სიმაღლის ალავერდის ტაძარი ქ. თელავის სიახლოვეს, ასევე ვარძიის გრანდიოზული მონასტერი, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი XII – XIII სს გასაყარზე. მნახველის გაოცებას იწვევს იმდროინდელი ოქროსა და ვერცხლის, აგრეთვე მინანქრისგან დამზადებული ნაკეთობანი, უნდა აღინიშნოს, რომ ტიხრული მინანქრის ნაკეთობათა ზომებს მსოფლიოში ბადალი არ მოეპოვება.
 
ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქიდან ჩვენამდე მოუღწევია ათობით ათას ხელნაწერსა და წიგნის ფრაგმენტს, რომელთა უმრავლესობა გაფორმებულია შესანიშნავი მინიატურებით. მათ ამშვენებს საუცხოო გარეკანი, რომლებიც თავისთავად დახვეწილი ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს.
 
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შუასაუკუნეების ისტორიული კრებული, ქართული წიგნთა წიგნი “ქართლის ცხოვრება”, რომელიც მოგვითხრობს საქართველოსა და კავკასიის ისტორიას დაახლოებით ძვ. წ. XIII – VI სს-დან ახ. წ. XIV ს. დასაწყისამდე. ამ უნიკალური ისტორიული კრებულის წყალობით შემოგვრჩა ცალკეული ისტორიული ცნობები უძველესი პერიოდიდან და თვით ისტორიული თხზულებების მოზრდილი ნაწყვეტები, რომელთა ნაწილი მეფეთა მემატიანეების მიერ იწერებოდა ბერძნულ და არამეულ ენებზე ჯერ კიდევ ორიგინალური ქართული დამწერლობის ჩამოყალიბებამდე კარგა ხნით ადრე.
 
მდიდარია, ასევე, ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურა, როგორც ნათარგმნი, ისე ორიგინალური. მათი საუკეთესო ნიმუშები გამოირჩევა თხრობის ცოცხალი, მკაფიო მანერით, რეალიზმითა და აღწერილი მოვლენების ისტორიზმით. უმაღლეს მწვერვალებს აღწევს აგრეთვე ჰიმნოგრაფია.
 
რასაკვირველია, ქართული ლიტერატურის უდიდეს მოვლენას, შუა საუკუნეების ქართული აზრის, ფორმის, პოეზიისა და სილამაზის უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს ადრერენესანსული ქმნილება, დიდი შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის საგანძურს განეკუთვნება.
 
XIII ს. 30-იან წლებში საქართველო, ისევე როგორც იმდროინდელი სამყაროს ორ მესამედზე მეტი მონღოლებმა დაიპყრეს. მონღოლთა ბატონობამ მთელს ახლო აღმოსავლეთსა და წინა აზიაში ეკონომიკური ნგრევა-გაჩანაგება გამოიწვია. პოლიტიკური გათიშულობა, ეკონომიკური დაცემა, სიღატაკე, ეპიდემიები და მოსახლეობის ფიზიკური გაჟლეტა-განადგურება _ აი, უბედურებათა ის მცირე ჩამონათვალი, რაც საქართველოს თავს დაატეხა მონღოლთა თითქმის ასწლოვანმა ბატონობამ. XIV ს. 30-იან წლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალეს მმართველობისას საქართველომ შეძლო მონღოლთა ბატონობისგან საბოლოოდ თავის დაღწევა, იგი კვლავ გაერთიანდა ერთ სამეფოდ და შეეცადა, აღედგინა ძველი დიდება.
 
სამწუხაროდ, საქართველოს მონღოლთა ბატონობის მძიმე, დამანგრეველი შედეგებისაგან სრულად გათავისუფლება არ ეწერა. XIV ს. 40-იანი წლების ბოლოს საქართველოში იფეთქა ჭირის ეპიდემიამ, რომელმაც აქ ყირიმში მდებარე გენუეზური ქ. კაფადან შემოაღწია. ეს ეპიდემია რამდენჯერმე განმეორდა და მან უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. საქართველოსთვის ამ სასტიკ უჟამობას ზედ დაერთო თემურ ლენგის (ტამერლანის) შემოსევები. 1386 – 1405 წწ. განმავლობაში ეს შუააზიელი დამპყრობი ქვეყანაში რვაჯერ შემოიჭრა, რასაც მოსახლეობის ძარცვა ჟლეტა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ პირველად იქნა გამოყენებული ბრძოლის ეკონომიკური ხერხები: ცდილობდა რა გაეტეხა მოსახლეობის წინააღმდეგობა, თემურმა მიწასთან გაასწორა სახნავ-სათესი ფართობები, ბაღები და ბოსტნები, ძირფესვიანად ამოძირკვა მრავალწლოვანი ხეხილი, გაჩეხა ვაზი, წაასხა ნახირი. თემურის იმპერიის ნარჩენების სამხრეთ საზღვრებთან საქართველოს სიახლოვეს აღმოცენდა ნახევრადმომთაბარე თურქმანული სახელმწიფოები აყ ყოიუნლუ და ყარა ყოიუნლუ, რომელთა მმართველები მთელი XV ს. მანძილზე მრავალჯერ შემოჭრილან საქართველოში, არ აძლევდნენ რა მას საშუალებას, ფეხზე დამდგარიყო. ერთი საუკუნის განმავლობაში XIV ს. 50-იანი წლებიდან XV ს. 60-იან წლებამდე საქართველოს მოსახლეობა ორჯერ და მეტადაც შემცირდა, ქვეყნის ეკონომიკა დაინგრა და გაჩანაგდა, მოსახლეობის მიერ ათწლეულობით ნაგროვები ქონება კი განიძარცვა და ქვეყნიდან გავიდა. ამ ვითარებაში საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა ფულის ბრუნვა, შედეგად წინ წამოვიდა ნატურალური მეურნეობა, ამის პარალელურად დაიწყო ქვეყნის რეფეოდალიზაცია, რამაც გამოიწვია ადგილობრივ თავად-აზნაურთა ძალაუფლების გაძლიერება, რის შედეგადაც XV ს. ბოლოს ერთიანი ქართული მონარქია დაიშალა ცალკეულ სამეფოებად და სამთავროებად. საქართველოსთვის მძიმე გამოდგა მომდევნო XVI – XVIII საუკუნეებიც, როდესაც დასუსტებული და დაქუცმაცებული ქვეყანა იძულებული გახდა თავისი სუვერენიტეტის ნაწილი გადაეცა ორი უზარმაზარი მეზობელი სახელმწიფოსთვის, კერძოდ, სპარსეთისა და ოსმალეთისათვის. 1550 – 1639 წწ დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის მესამედი, სახელდობრ, უძველესი ქართული სამეფო, იგივე სამცხე საათაბაგო, რომელიც უშუალოდ შევიდა ოსმალეთის სახელმწიფოში გურჯისტანის (ანუ საქართველოს) ვილაიეთის სახით. ოსმალო და სპარსელ დამპყრობლებთან დამოუკიდებლობისა და ქრისტიანული აღმსარებლობის შესანარჩუნებლად გაწეულმა დაუსრულებელმა ბრძოლებმა იძულებული გახადა ქართული სამეფოები და სათავადოები, რომ გეოპოლიტიკური ჩიხიდან გამოსასვლელი გზები ეძებნათ, რისთვისაც მათ მოუწიათ მიემართათ ევროპული სახელმწიფოებისათვის (სახელდობრ, რომის პაპისა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისთვის).
 
მიუხედავად უკიდურესად მძიმე ვითარებისა, საქართველოში კულტურული ცხოვრება არ ჩამკვდარა, პირიქითაც კი მოხდა; ქართული კულტურის თვალსაჩინო მოღვაწის მეფე ვახტანგ VI ისა და მისი უახლოესი გარემოცვის მეოხებით იგი მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა. კერძოდ, “ქართლის ცხოვრება” შეივსო საქართველოს ისტორიის მანმადე ნაკლული ნაწილებით, შეიქმნა საახელმძღვანელოები მეცნიერების სხვადასხვა დარგებში, მათ შორის ასტრონომიაში, ფიზიკასა და ქიმიაში, შედგა ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, დასრულებული სახე მიიღო კოდიფიცირებულმა ქართულმა სამართალმა.
 
ხალხის ფიზიკური გადარჩენის მიზნით ქართლ-კახეთის სამეფოთა გამაერთიანებელმა ერეკლე II-მ თხოვნით მიმართა რუსეთის იმპერატორს, რათა ამ უკანასკნელს მიეღო მისი სამეფო რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. 1783 წ. ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის ხელი მოეწერა ტრაქტატს პროტექტორატის თაობაზე, რომელსაც ხელმოწერის ადგილის თანახმად “გეორგიევსკის ტრაქტატი” ეწოდა. მიიღო რა ქართლ-კახეთის მეფისგან ძალაუფლების ნაწილი თავის სასარგებლოდ სუვერენიტეტის ჩამოჭრის გზით, რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ იმავდროულად საზეიმოდ დაიფიცა და შეჰპირდა ქვეყნის მოსახლეობასა და ხელმწიფეს, რომ დაიცავდა საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ამასთანავე მისი ტერიტორიების დასაბრუნებლად მის ხელთ არსებულ ყოველ ღონეს იხმარდა, კერძოდ მშვიდობიანობისას  მშვიდობიანს, ომიანობისას კი  საომარს. რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, 18 წელიც არ გასულიყო, რომ რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო, ხოლო სამეფო ოჯახი კი საქართველოდან რუსეთში გადაასახლა. მალე რუსეთის არმიამ დასავლურ-ქართული იმერეთის სამეფოც დაიპყრო. ამის კვალდაკვალ XIX ს. I ნახევარშივე გააუქმა ასევე დასავლეთ-ქართული სამთავროები: გურიის, ოდიშის (სამეგრელოს), სვანეთისა და აფხაზეთისა. პირველად თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველომ სახელმწიფოებრიობა დაკარგა.
 
ქართველმა ხალხმა ბრძოლა სახელმწიფოებრიობის აღსადგენად იმთავითვე დაიწყო. XIX ს. 60-იან წლებში ამ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ქართველ სწავლულთა და ლიტერატორთა ახალი თაობა გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით. ხალგაზრდა პატრიოტთა ჯგუფმა, რომელმაც განათლება რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიიღო, რის გამოც მათ “თერგდალეულები” შეარქვეს, შეიმუშავა ერის კულტურულ-ეკონომიკური განვითარების გეგმა. დაფუძნდა ეროვნული ბანკი, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი” საზოგადოება, პროფესიული ეროვნული თეატრი, დაარსდა ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ მოწინავე დემოკრატიულ ფასეულობებსა და ააქტიურებდნენ ქართულ ეროვნულ თვითშეგნებას. ამგვარად, ქართული საზოგადოება ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით გაძლიერდა. ისარგებლა რა 1917 წლის რევოლუციებითა და რუსეთის იმპერიის რღვევით, 1918 წ. 26 მაისს საქართველომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რაც დაადასტურა ბოლშევიკურმა რუსეთმაც იმით, რომ 1920 წ. 7 მაისს დაიდო საგანგებო რუსულ-ქართული ხელშეკრულება. მიუხედავად ამისა, რუსეთმა მუხანათურად დაარღვია ხელშეკრულება და უკვე 1921 წ. 21 თებერვალს საქართველოს ყველა მხრიდან შემოუტიეს რუსეთის რეგულარულმა არმიებმა და წითელი არმიეს ცალკეულმა ნაწილებმა. ქვეყნის ოკუპაცია უდიდეს უბედურებად შემოუტრიალდა ქართველ ხალხს. მისი საუკეთესო შვილები გმირულად დაეცნენ ოკუპანტებთან უთანაბრო ბრძოლაში, ათასობით მათგანი დახვრიტეს, ხოლო ნაწილი იძულებული შეიქნა ემიგრაციაში წასულიყო. 70 წლის განმავლობაში საქართველო “სოციალისტური რესპუბლიკის” სტატუსით საბჭოთა ჯავშირის შენადგენლობაში აღმოჩნდა. საქართველო როგორც საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რეპსუბლიკა მონაწილეობდა “დიდ სამამულო ომში” გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ფაშიზმისგან დასახსნელად. ამ ბრძოლაში მან უზარმაზარი დანაკარგები განიცადა; ომში წასული 700 ათასი 300 ათასი ქართველი  ბრძოლებში დაიღუპა.
 
მიუხედავად ტოტალიტალურ-კომუნისტური რეჟიმისა, საქართველოს კულტურა XX საუკუნის მანძილზე აყვავება-გაფურჩქვნას განიცდიდა. ძნელია სრულიად ჩამოითვალოს ყველა ნიჭიერი მწერლის, პოეტის, მხატვრის, მსახიობის, რეჟისორის . . . სახელები. მათი უმრავლესობის  შემოქმედებითი ქმნილებები შესულია მსოფლიო კულტურის საგანძურში. ქართველმა მეციერებმა ასევე უდიდესი წვლილი შეიტანეს საბჭოთა და შესაბამისად მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში.
კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა მთელი ოკუპაციის მანძილზე. ის ვერ შეანელა ვერც 20-იანი,30-იანი, 40-იანი (ომისშემდგომი) წლების დახვრეტებმა და რექპრესიებმა, ვერც იმან, რომ 1956 წლის 9 მარტს ქართველი ახალგაზრდობის გამოსვლებს უმოწყალო სისტიკით გაუსწორდნენ. ეროვნულ-განმათავისუფლებელმა ბრძოლამ ახალი ძალით იფეთქა გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოდან და თანდათან გაძლიერდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური წყობის ლიბერალიზაციის კვალდაკვალ, რასაც სატავე დაუდო ახალი გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის რეფორმებმა. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველთაგანი საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის, რომლის პარლამენტმაც 1991 წლის 9 აპრილს 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
 
დამოუკიდებლობის 15 წლის მანძილზე საქართველომ, ისევე, როგორც სხვა პოსტკომუნისტურმა ქვეყნებმა მრავალი სიძნელე გადაიტანა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ მსოფლიო საზოგადოების, განსაკუთრებით აშშ-ს, დასავლეთ ევროპისა და თურქეთის (ამ უკანასკნელის თანადგომა უაღრესად ღირებულია საქართველოსთვის, რადგან იგი ჩვენი უახლოესი მეზობელია) მხარდაჭერის წყალობით ჩვენი ქვეყანა ფეხზე დგება და ხალხი ოპტიმიზმით იცქირება მომავლისაკენ.
 

საქართველოს უნივერსიტეტიდაგვიკავშირდით