ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

სიახლეები


SHARE ON


15 February 2022
სამეცნიერო სტატია საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის თანაავტორობით "ელსევირის" პოლიტიკური გეოგრაფიის გამოშვებაში დაიბეჭდა

2021 წლის მაისში ცნობილმა ნიდერლანდურმა სამეცნიერო გამოშვება "ელსევირის" პოლიტიკური გეოგრაფიის განყოფილებამ გამოაქვეყნა სამეცნიერო სტატია სათაურით "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სულიერი გეოპოლიტიკა". აღნიშნულ სტატიასთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს მისი ერთ-ერთი ავტორი საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, დოქტორი გელა მერაბიშვილი უპასუხებს.

 

  1. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

ადამიანების ყოფაზე არა მგონია რაიმე გავლენა მოახდინოს ამ კვლევამ მაგრამ საქართველოში ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს, რადგან ნაშრომი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გეოპოლიტიკურ როლს აღწერს და კრიტიკულად აანალიზებს, თუ რამდენად თანხვედრაშია ეკლესიის ტერიტორიული პოლიტიკა და გეოპოლიტიკური შეხედულებები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკასთან.

 

  1. კონკრეტულად როგორ უკავშირდება კვლევის საგანი ამ საკითხებს?

ნაშრომში ნაჩვენებია, რომ ეკლესია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სეპარატისტული/ოკუპირებული რეგიონების საკითხს საკუთარი, ვიწრო-ორგანიზაციული ჭრილიდან ხედავს. ეკლესიისთვის პირველადი მნიშვნელობის საკითხია საკუთარი კანონიკური ტერიტორიის ერთიანობა, რაც გულისხმობს ეკლესიის შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი კანონიკური იურისდიქცია (მართოს ეკლესია-მონასტრები, სასულიერო მსახურება გაუწიოს მოსახლეობას). ეკლესიის წარმომადგენლები — პატრიარქი და სხვა მღვდელმთავრები — ტერმინ „ოკუპაციას“ იშვიათად იყენებენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ სასულიერო გეოპოლიტიკური მდგომარეობა განსხვავდება სეკულარული გეოპოლიტიკისგან. განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობისგან, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია აფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთს/ცხინვალის რეგიონს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის ნაწილად აღიარებს.

 

  1. როგორ შეუძლიათ  სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი დიდი ხანია ბევრი მკვლევარის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მაგრამ ეკლესიის როლი ნაკლებად არის შესწავლილი. ეკლესია დიდ როლს ასრულებს საქართველოში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მათ შორის ისეთ საკითხებზეც რომელიც სასულიერო-რელიგიურ თემატიკას სცდება, მაგალითად შიდა თუ საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე. აქედან გამომდინარე, ეკლესიის როგორც (გეო)პოლიტიკური აქტორის შესწავლა ნაყოფიერი საკვლევი მიმართულებაა, რათა უკეთესი წარმოდგენა გვქონდეს თუ როგორ ფორმირდება საქართველოში ჰეგემონური იდეები სახელმწიფოს, ტერიტორიის, ეროვნებისა (ეროვნული იდენტობის) და საგარეო პოლიტიკის შესახებ. რიგ შემთხვევებში ეკლესია თავისი მასშტაბური გავლენის მიუხედავად შესაძლოა უფრო დისიდენტური (ანუ ჰეგემონური, ფართოდ დაკვიდრებული შეხდულებების მოწინააღმდეგე) აქტორი იყოს ვიდრე ჰეგემონიის მკვებავი და მაფორმირებელი.

ჩემი აზრით, ყველაზე ღირებული საკვლევი მიმართულება და ფორმა ამ დარგში, რაშიც სტუდენტებს შეუძლიათ, რომ ჩაერთონ, არის კონკრეტულ ეპარქიების ან კიდევ უფრო ქვედა დონეზე, კონკრეტული ტაძრის და მისი მრევლის კვლევა. ასეთი კვლევა შეიძლება მოიცავდეს ინტერვიუებს მღვდელმსახურებთან და მრევლთან, მონაწილეობრივ დაკვირვებას (participant observation) და მსგავს ეთნოგრაფიულ მეთოდებს, როდესაც მკვლევარი გარკვეულ დროს ატარებს საკვლევ სუბიექტებთან და ღრმად სწავლობს მათ შეხედულებებს, წესებს, ქმედებებს და საქმიანობის პრაქტიკას, რაშიც შეიძლება გამოვლინდეს კვლევისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხები. ერთი სიტყვით, ეს არის გეოპოლიტიკის შესწავლა მიკრო-დონეზე, იქ სადაც ფორმირდება და/ან ვლინდება ჰეგემონური იდეები და დაპირისპირებები არსებულ პოლიტიკასთან. მაგალითად, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა თუ რა კავშირები (ან კავშირის რა მცდელობები) არსებობს გამყოფი ხაზის პირას არსებულ ეკლესიებსა და ხაზის მიღმა არსებულ ეკლესიებსა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შორის; ან რამდენად თანხვედრაშია ამ მიკრო-დონეზე არსებული პროცესები და შეხედულებები ტერიტორიული მთლიანობის სახელმწიფო პოლიტიკასთან.

 

  1. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

მთავარი გამოწვევა საკვლევი მასალის მოპოვება და ანალიზია, ანუ ის ტექსტური თუ სხვა სახის მასალა, რაზე დაყრდნობითაც უნდა შევისწავლოთ საკითხი და გამოვიტანოთ დასკვნა, ანუ ვუპასუხოთ საკვლევ შეკითხვას. ამ შემთხვევაში, მე და ჩემმა თანაავტორმა (თორნიკე მეტრეველი, ლუნდის უნივერსიტეტი) გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გეოპოლიტიკური აზროვნება შეგვესწავლა ამ ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პატრიარქ ილია II-ის ეპისტოლეებზე დაყრდნობით, რადგანაც ეს ეპისტოლეები საჯარო და ხელმისაწვდომი იყო. უფრო სრულყოფილი კვლევისთვის შეგვეძლო ეკლესიის პირებთანაც ჩაგვეტარებინა ინტერვიუები, მაგრამ ეს დამატებით დროს და ფინანსურ სახსრებს მოითხოვდა ჩვენგან და მეტწილად ეპისტოლეების ანალიზით შემოვიფარგლეთ. თუმცა დამატებითი ინფორმაციისთვის, ეკლესიის გეოპოლიტიკური როლის შესახებ მედიაში არსებული მასალა (სტატიები, ინტერვიუები) გამოვიყენეთ.

 

  1. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

ამ საკითხის კვლევისა და სტატიის დაწერის იდეა მე და ჩემ თანაავტორს, თორნიკე მეტრეველს, ფეისბუქ-დისკუსიის დროს მოგვივიდა. თემა ეხებოდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ საფრთხეების აღქმას. თავდაპირველი „თავსატეხი“, რაც დისკუსიის დროს წარმოიშვა, იყო ის, თუ რა ტიპის საფრთხეებს მიიჩნევს ეკლესია საქართველოსთვის საზიანოდ: სასულიერო და მორალური სახის საკითხებს (მაგ. ჰომოსექსუალური ურთიერთობები), რომლებსაც წარმოაჩენს როგორც „საფრთხეს“, თუ მატერიალური და ტერიტორიული ტიპის საკითხებს, რომლებიც გეოპოლიტიკის სფეროს განეკუთვნება (მაგ. რუსული ოკუპაციის საკითხი), რომლებზეც ეკლესიის წარმომადგენლები საჯაროდ იშვიათად ლაპარაკობენ. ჩვენთვის ეს თემა საინტერესო იყო, რადგან ჩვენს პროფესიულ და საკვლევ სფეროებს ერთმანეთთან აკავშირებდა: თორნიკე სოციოლოგია და იკვლევს ნაციონალიზმის ფორმირებაში მართლმადიდებლური ეკლესიების როლს საქართველოში, სერბეთში, უკრაინასა და რუსეთში; ჩემი ინტერესების სფეროს კი ტერიტორიებისა და საზღვრების გეოპოლიტიკა წარმოადგენს, რაც პოლიტიკური გეოგრაფიის დისციპლინას განეკუთვნება.

     6. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

ამ სტატიას გარე ფინანსური მხარდაჭერა არ ჰქონია. რადგანაც კვლევა ძირითადად ტექსთან მუშაობას მოიცავდა, ნაშრომზე მუშაობა განსაკუთრებულ ხარჯებს არ მოითხოვდა.

 

 

 






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი