საქართველოს უნივერსიტეტში ახალი ინოვაციების ცენტრის - Startup Factory - ის პრეზენტაცია გაიმართება


10 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ახალი ინოვაციების ცენტრის - Startup Factory - ის პრეზენტაცია გაიმართება.

Startup Factory არის სრულიად ახალი ტიპის, მოქნილი ინოვაციების ცენტრი, რომელიც აქტიურად შეუწყობს ხელს სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს განავითარონ, განახორციელონ და წარმატებულ ბიზნესად აქციონ საკუთარი იდეები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტი ქმნის საინვესტიციო ფონდს, სტარტაპების დასაფინანსებლად.

ცენტრი გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო ინკუბატორებთან და აქსელერატორებთან, პერსპექტიული პროექტების ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე გატანის მიზნით.

Startup Factory პირველი პროექტია საქართველოში, რომელიც ხორციელდება კერძო სექტორის მიერ და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

Startup Factory მულტიფუნქციური სივრცეა, რომელიც უზრუნველყოფს შემდეგი სერვისების მიწოდებას:

• „საერთო სამუშაო სივრცე“ - 24/7 -ზე ფუნქციონირებადი თანამედროვე სამუშაო გარემო, რომელშიც შესაძლებელია 40-მდე ადამიანის განთავსება;

• „შეხვედრების ოთახი“ - თანამედროვე სტანდარტების მყუდრო გარემო საქმიანი შეხვედრებისთვის, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით;

• „სტარტაპების აქსელერაცია“ - Startup Factory ყველას აძლევს შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი იდეა და დაიწყოს სტარტაპ ბიზნესი, რაშიც ხელს შეუწყობენ სპეციალურად შერჩეული ქართველი და უცხოელი მენტორები, რომლებიც ასევე დაეხმარებიან დაფინანსების მოძიებაში.

• „წვდომა ინოვაციურ ლაბორატორიებთან“ - ცენტრის სტარტაპებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი არის შემდეგი ინფრასტრუქტურა: ელექტრონიკისა და ინჟინერიის ლაბორატორია, მობილური აპლიკაციების შექმნის ცენტრი.

ორგანიზაციის ბაზაზე ასევე, ფუნქციონირებს ტექნოლოგიების ტრანსფერის ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს სტარტაპების ინოვაციური იდეების კომერციალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

Startup Facrory – ს პარტნიორთა სიაშია მსხვილი კერძო კომპანიები, მათ შორის ბანკები.
ცენტრის პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია და მნიშვნელოვანია განსაკუთრებით აბიტურიენტებისთვის, სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, რადგან დაანონსდება პირველადი ბიუჯეტი, რომელიც დააფინანსებს პერსპექტიულ პროექტებს.

ასევე, შეგეძლებათ დარეგისტრირდეთ და უფასოდ მიიღოთ ჩვენი ინოვაციური სივრცის "წევრის" (MEMBERSHIP) 1 წლიანი სტატუსი, რაც გულისხმობს მუდმივი ინფორმაციისა და სიახლეების შეტყობინებას Startup Factory-ის აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ. ასევე, ყველა წევრს (member) საშუალება ექნება უფასოდ დაესწროს ჩვენი ინოვაციების ცენტრის ისეთ ღონისძიებებს, როგორიც არის: Talk-ები, შეხვედრები, ჰაკათონები, კრეათონები და სხვადასხვა ტიპის ტრენინგები.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა!!!

თარიღი: 10.10.2017
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, Startup Facrory, I - ლი სართული
დრო: 12:00 სთ