თუ სწავლა გინდა
   




ხშირად დასმული კითხვები


რეგისტრაცია

პირველკურსელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს საორიენტაციო დღეების განმავლობაში, 29 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით.

საორიენტაციო დღეების განმავლობაში სტუდენტი ეცნობა მისთვის აუცილებელ ინფორმაციას უნივერსიტეტის, პროცედურების და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების შესახებ. პირველკურსელებს უტარდებათ გაცნობითი პრეზენტაცია და კამპუსის ტური. ამით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ სწრაფად მოახდინონ ადაპტაცია საუნივერსიტეტო ცხოვრებასთნ
საორიენტაციო დღეების გრაფიკს პირველკურსელი მიიღებს ადმინისტრაციული რეგისტრაციის დროს.

სტუდენტის ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სარეგისტრაციო ვადებში სწავლის საფასურის გადახდას, ხოლო გაცვლითი საგანმანთლებლო პროგრამაში ჩართული სტუდენტის მიერ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენას.

ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ წარმოადგინოთ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საგამოცდო საიდენტიფიკაციო ბარათი;
  • სკოლის ატესტატი (დედანი და ასლი);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი ასლი; (ვაჟების შემთხვევაში)
  • ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;
  • სწავლების საფასურის იმ ოდენობის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც აღემატება მოპოვებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს.

პირველკურსელისათვის, რომელიც რეგისტრაციის დროს სრულად ვერ წარმოადგენს საჭირო საბუთებს, საპატიო მიზეზების გამო, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია.

ფორმა 26 არის ცნობა, რომლის წარდგენა ხდება შესაბამის სამხედრო განყოფილებაში და რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის ჩვენი უნივერსიტეტის მიმდინარე სტუდენტი.
ფორმა 26-ის აღება შესაძლებელია საქართველოს უნივერსიტეტის მე-4 კორპუსის (მთავარი შენობა: კოსტავას 77ა) მეხუთე სართულზე, კანცელარიაში.

სწავლის საფასური და სტუდენტური სტატუსი

სწავლის საფასურის გადახდა სტუდენტს შეუძლია თიბისი ბანკში, ქართუ ბანკში და ბაზისბანკში პირადობის დამადასტურებელი ბარათით.

პირველ წელს გადასახადი იყოფა ორად (სექტემბერი/დეკემბერი). შემდეგ წლებში, საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტი განცხადებით მიმართავს სოციალურ კომისიას, რომელიც მიმოიხილავს განცხადებაში მოცემულ გარემოებებს და სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით - იღებს გადაწყვეტილებას სწავლის საფასურის გადანაწილების თაობაზე.

ყველა სტუდენტს დროულად მისდის ინვიდუალური მესიჯები MyUG პორტალზე სწავლის საფასურის გადახდის ვადებთან დაკავშირებით. ინფორმირებულად ყოფნა სტუდენტის პასუხისმგებლობაა.
სწავლის საფასურის გადახდის ბოლო ვადის მეორე დღეს ირიცხება პირველი პირგასამტეხლო წლიური საფასურის 1%-ის ოდენობით. ერთი კვირის მერე მეორე პირგასამტეხლო, ხოლო მეორე კვირის შემდეგ მესამე. მხოლოდ ამის შემდეგ ჩერდება სტუდენტის სტატუსი.

სასწავლო პროცესი

წელს, სწავლა იწყება 11 სექტემბერს.

მაგისტრებისთვის სწავლა იწყება 25 სექტემბერს.

პირველი კურსის პირველი სემესტრის ცხრილს ადგენს უნივერსიტეტი. შემდგომ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა თავად გაიაროს რეგისტრაცია და შეადგინოს სასწავლო ცხრილი.

სემესტრის განმავლობაში სტუდენტს შეუძლია აიღოს 30 კრედიტი.

ერთი კრედიტი 30 საათია.

კრედიტების რაოდენობაა მინიმუმ 60 და მაქსიმუმ 75.

შეფასების სისტემა არის 100 ქულიანი. რაც შეეხება გადანაწილებას, ეს დამოკიდებულია სკოლაზე და არჩეულ ფაკულტეტზე.

შედეგების საშუალოს კოეფიციენტი დგინდება შემდეგნაირად: 51‐ზე ნაკლები საშუალო ქულის მქონე სტუდენტის (GPA) 0‐ის ტოლია. სტუდენტთა მიერ დაგროვებული (51‐ზე მეტი) ქულებით დგება რანჟირებული სია. თითოეული ქულა ხვდება გარკვეულ პროცენტულ შუალედში. სტუდენტს ამ განაწილების მიხედვით ენიჭება (წლიური, სემესტრული) საუნივერსიტეტო შეფასება და შედეგების საშუალოს საშუალო კოეფიციენტი (GPA).

თუ შედეგების საშუალო არანაკლებ 91‐ია სტუდენტს ეძლევა სტიპენდია. სტიპენდიის მიღების წინაპირობაა წლიური 60 კრედიტის დაგროვება და სტუდენტის სტატუსის შენარჩუნება საქართველოს უნივერსიტეტში. სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტიპენდია გაიცემა სტატუსის აღდგენის შემდეგ.

პრერეკვიზიტი არის საგნის წინაპირობა.

სილაბუსი — წარმოადგენს სასწავლო კურსის პროგრამას. სილაბუსში მოცემულია კურსის სათაური, სწავლების საფეხური, მიზანი და ამოცანები, სწავლების ფორმატი (სწავლების მეთოდი), კურსის საათობრივად გაწერილი შინაარსობრივი გეგმა გამოყენებული სახელმძღვანელოების გვერდების ან სხვა რესურსების დეტალური მითითებით. ასევე, კურსის შეფასების პრინციპები (შუალედური, შემაჯამებელი, განმსაზღვრელი და სხვა), მოსალოდნელი შედეგები, კერძოდ, იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, რომელსაც უზრუნველყოფს კურსის დასრულება.

ყოველკვირეული წერითი გამოკითხვა.

სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს

  • მარიამობას ‐ 28 აგვისტოს,
  • გიორგობას ‐ 23 ნოემბერს,
  • დამოუკიდებლობის დღეს ‐ 26 მაისს,
  • საახალწლო არდადეგების განმავლობაში,
  • აღდგომის კვირას ‐ აღდგომის წინა ოთხშაბათიდან მომდევნო კვირის სამშაბათის ჩათვლით;
  • საზაფხულო არდადეგების განმავლობაში.      

საქართველოს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სტუდენტთა დასაქმების ხელშემწყობი სასმსახური, რომელიც ზრუნავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერულ წინსვლაზე, მათი კარიერული უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 240 კრედიტს (8 სემესტრს), ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა 300/360 კრედიტს (10/12 სემესტრი), ხოლო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა - 120 კრედიტს (4 სემესტრს).
სწავლების ვადა შეიძლება გახანგრძლვდეს ბაკალავრიატში - 12, ერთსაფეხურიან პროგრამაზე 14/16, მაგისტრატურაში - 10 სექტემბრამდ

სტუდენტის სტატუსი

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა)  პირადი განცხადება,
ბ) ადმინისტრაციული რეგისტრაციის არ გავლა,
გ)  აკადემიური რეგისტრაციის არ გავლა.
დ) სარეგისტრაციოდ განსაზღვრული დოკუმენტების არასრულყოფილად წარმოდგენა

სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, სტუდენტი უნივერსიტეტის პრეზიდენტებს წარუდგენს წერილობით განცხადებას. სტატუსის შეჩერების მოთხოვნა სტუდენტს შეუძლია შესაბამისი სემესტრის ფინალურ გამოცდებამდე.

 

აღდგენისთვის განცხადება მიიღება:

  • შემოდგომის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად ‐ 20 მაისიდან 15 ივნისამდე;
  • გაზაფხულის სემესტრიდან სწავლის გასაგრძელებლად ‐ 30 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე;

სტუდენტის მიერ სტატუსის აღდგენის ვადის გადაცილებისას, სტატუსის აღდგენის საკითხს განიხილავს საბჭო. სტატუსის აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებისას აკადემიური საბჭო განსაზღვრავს სტატუსის აღდგენის პირობებს:

  • სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის მიმართ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თუ სტატუსის შეჩერების საფუძველი ამ ვალდებულებათა შეუსრულებლობა იყო;
  • იმ სტუდენტებს, რომელთაც სტატუსი შეუჩერდათ ადმინისტარციული რეგისტრაციის არ  გავლის გამო, ვალდებულნი არიან გადაიხადონ როგორც სწავლის საფასური, ასევე ადმინისტარციული რეგისტრაციის  არ  გავლის  გამო დაკისრებული სანქცია;
  • სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა.

სტუდენტს სტატუსი არ აღუდგება, თუ არსებობს საბაკალავრო და სამაგისტრო სწავლების  დებულებით გათვალისწინებული სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.

გამოცდები

შუალედური შეფასების  აღდგენა -  თუ სტუდენტი საპატიო მიზეზით აცდენს საგანში ორ ან მეტ შუალედური შეფასებას, მას აღუდგება მხოლოდ 1 შუალედური შეფასების ფორმა. საპატიო მიზეზად მიიჩნევა: ა) ჯანმრთელობის მდგომარეობა; ბ) ოჯახის წევრის/ ახლო ნათესავის გარდაცვალება; გ) სახელმწიფო სამსახურში გამოცხადების აუცილებლობა.

ფინალური გამოცდის  აღდგენა - ფინალური გამოცდის აღდგენა ტარდება მხოლოდ ერთხელ გამოცდის აღდგენის კვირაში. ფინალური გამოცდის აღდგენის ვადა არ შეიძლება სცდებოდეს სასწავლო სემესტრის დასრულების ვადას. დასკვნით და შესაბამისი გამოცდის აღდგენას შორის შუალედი უნდა იყოს არა ნაკლებ 5 დღისა. აღდგენის ცხრილი სტუდენტს ეცნობება „ჩემი UG“–ის საგამოცდო ცხრილის მეშვეობით გამოცდის ჩატარებამდე მინიმუმ ორი დღით ადრე.

ავადმყოფობის გამო ფინალური გამოცდის გაცდენის შემთხვევაში სტუდენტი წერს განცხადებას ჩემი UG-ის მეშვეობით შესაბამის შაბლონზე, არაუგვიანეს ფინალური გამოცდის მეორე დღისა, რომელსაც განიხილავს ექიმი და ავადმყოფობის საპატიო მიზეზად ჩათვლის შემთხვევაში დაკმაყოფილებულ განცხადებას გადასცემს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს. სტუდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ავადმყოფობის ცნობა ფინალური გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში. ცნობაში მითითებული უნდა იყოს, რომ კონკრეტულად გამოცდის მიმდინარეობის დროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ქონდა სტუდენტს შესაძლებლობა დასწრებოდა გამოცდას. ექიმის მიერ განცხადების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გამოცდა აღდგენას არ ექვემდებარება.

ფინალური გამოცდის სხვა მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად სტუდენტმა „ჩემი UG“–ის მეშვეობით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო სამუშაო დღისა და გამოცდის აღდგენამდე წარმოადგინოს საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი. გამოცდის გაცდენის საპატიო მიზეზებია: ოჯახის წევრის/ახლო ნათესავის გარდაცვალება, მაგისტრანტის სამსახურებრივი მივლინება ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. გამოცდის გაცდენის მიზეზის საპატიოდ ჩათვლის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას აღადგენს გადასახადის გადახდის გარეშე.

სტუდენტი, რომლიც გამოირჩევა მნიშვნელოვანი წარმატებებით საზოგადოებრივი საქმიანობის, სპორტის ან ხელოვნების სფეროში, კერძოდ, თუ სტუდენტი არის საქართველოს ან საერთაშორისო ტურნირების, საერთაშორისო კონკურსების, ფესტივალების გამარჯვებული, პრიზიორი, ლაურიატი და სხვა შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში სარგებლობს იმ გამოცდის უფასოდ აღდგენის უფლებით, რომლის გაცდენის მიზეზი შესაბამის ღონისძიებაში მონაწილეობაა. ასეთ შემთხვევაში, სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს გამოცდამდე ერთი სამუშაო დღით ადრე და განცხადებას დაურთოს შესაბამისი დოკუმენტაცია.

არასაპატიო მიზეზით გაცდენილი გამოცდის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტი სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურს მიმართავს არაუგვიანეს გამოცდის ჩატარების მომდევნო ორი სამუშაო დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს გამოცდის აღდგენის საფასურის გადახდის ქვითარი. გამოცდის აღდგენის საფასური დგინდება პრეზიდენტების აქტით.

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კომპონენტი დაძლეულია 51 ქულის (51%) მიღების შემთხვევაში; ამასთან, ფინალურ გამოცდაში უნდა აიღოს მაქსიმალური 40 ქულიდან 20 ქულა.

სტუდენტი სარგებლობს ფინალური გამოცდის გადაბარების უფლებით შემდეგ შემთხვევებში:

  • სტუდენტი, რომელმაც ვერ მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური ქულა, მაგრამ შეფასებათა ფორმების ერთობლიობით (ქვიზი, შუალედური გამოცდა, პრეზენტაცია) უგროვდება 41 ქულა და ზევით, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.
  • სტუდენტი, რომელმაც მიიღო ფინალური გამოცდის ჩაბარებისათვის დადგენილი მინიმალური ქულა, მაგრამ ვერ დააგროვა 51 ქულა, მაგრამ დააგროვა მინიმუმ 41 ქულა, დაიშვება დამატებით გამოცდაზე.

სტუდენტი უფლებამოსილია გაეცნოს ნაშრომს და გაასაჩივროს შუალედურ შეფასებაში მიღებული შედეგი მიღებული შეფასების UG სისტემაში ასახვიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. შუალედური შეფასების გასაჩივრებაზე დასაშვებობაზე გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი სკოლის დეპარტამენტის უფროსი.

ფინალური გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა სტუდენტი უფლებამოსილია „ჩემი UG“–ის მეშვეობით განცხადებით მიმართოს მისი სკოლის დირექტორს/დეპარტამენტის უფროსს და გაასაჩვროს ფინალური გამოცდის შედეგი. სტუდენტმა განცხადებაში უნდა მიუთითოს თუ რომელ საკითხს ან შეფასების რა ნაწილის აპროტესტებს. ზოგადი პროტესტი არ განიხილება. განცხადების მიღებიდან 7 დღის ვადაში სკოლის დირექტორი უზრუნველყოფს განცხადების განხილვასა და შედეგების სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურისათვის მიწოდებას.

საერთაშორისო აღიარება

საქართველოს უნივერსიტეტი მონაწილეობს ბოლონიის პროცესში და ის აღიარებული უნივერსიტეტია როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოს უნივერსიტეტი არის ენიკ-ნარიკის წევრი უნივერსიტეტი (ENIC – European Network of Information Centers in the European Region, NARIC – National Academic Recognition Information Centers in the European Union).

საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გაცვლით პროგრამებს ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში.

უნივერსიტეტი 2013 წლიდან ჩართულია ერაზმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაში. Erasmus Mundus არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.  გარდა ამისა, ინდივიდუალური თანამშრომლობის საფუძველზე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ მობილობა განახორციელონ პარტნიორ უნივერსიტეტებში ერთი ან ორი  სემესტრით.

2015 წლიდან, საქართველოს უნივერსიტეტში ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა. Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014-2020 წლებში.

Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

საქართველოს უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების საკითხებს კურირებს საერთაშორისო სტუდენტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური.