უნივერსიტეტის შექმნის ისტორია
2002 წლის მიწურულს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა, გიული ალასანიამ და მანანა სანაძემ გადაწყვიტეს, გაეხსნათ ამერიკათმცოდნეობის ცენტრი, რომელიც მოამზადებდა მაგისტრანტებს ამერიკათმცოდნეობის მიმართულებით.
ცენტრის მუშაობის მიზანი იყო ამერიკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყნის შესწავლა და კვლევა. მოგვიანებით, ანალოგიური პროგრამები მომზადდა ევროპათმცოდნეობის მიმართულებითაც. პროგრამები შემუშავდა იმ პრინციპით, რომ მაგისტრანტი, ამერიკის თუ ევროპის ზოგადად შესწავლასთან ერთად, მისი სურვილის შესაბამისად, დახელოვნდეს საზოგადოების ცხოვრების რომელიმე სფეროს მართვის დასავლურ მოდელში: საჯარო ადმინისტრირების, ბიზნეს-ადმინისტრირების, კულტურისა და განათლების მენეჯმენტის და ა.შ. 2004 წლის 21 ივლისს ცენტრის საფუძველზე შეიქმნა შ. პ. ს. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლა (სმს). იმავე 2004 წელს, საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე დაფუძნდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - «საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი».
შემუშავდა უნივერსიტეტის წესდება, სტრუქტურა და ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის მართვის უმაღლესი ორგანო - მეურვეთა საბჭო. 2005 წლის 24 მარტს ჩატარდა მეურვეთა საბჭოს პირველი სხდომა, რომელმაც მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩია გიული ალასანია, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორად კი – მანანა სანაძე.


2005-2007 წლებში უნივერსიტეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამაგისტრო პროგრამებს საბაკალავრო პროგრამები დაემატა. პირველი ბაკალავრები უნივერსიტეტმა მიიღო 2005 წლის სექტემბერში. 2006 წლის შემოდგომიდან უნივერსიტეტში ამუშავდა სადოქტორო პროგრამები. პირველი დოქტორანტი, რომელსაც თავისი სადოქტორო პროგრამის კრედიტების ტრანსფერისა და სსმუ-ში სადოქტორო დისერტაციის დასრულების შემდეგ დოქტორის ხარისხი მიენიჭა, იყო ედუარდ რობერტ რაუპი.

