საქართველოს უნივერსიტეტი იწყებს გრანდიოზული პროექტების სერიას - UG NEXT - რომელიც ცნობისმოყვარე უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს ცოდნის, აღმოჩენებისა და ახალი შესაძლებლობების თავგადასავალში იწვევს.
პროფესიის არჩევა მხოლოდ მისი აღწერის წაკითხვით ან სხვისი გამოცდილების მოსმენით რთულია. ბევრად საინტერესოა, თავად გამოსცადო, რას ნიშნავს კონკრეტულ სფეროში მუშაობა: შექმნა საკუთარი ბრენდი, დაგეგმო მომავლის ქალაქი, იმუშაო ინოვაციურ იდეაზე, ჩაერთო სამართლებრივ სიმულაციაში, გამოიკვლიო ფაქტები ან რეალური პრობლემის გადაჭრა სცადო.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება UG NEXT - პროექტების სერია, რომელიც პროფესიულ ორიენტაციას პრაქტიკულ გამოცდილებად აქცევს. მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაში ერთვებიან, მუშაობენ კონკრეტულ ამოცანებზე, ქმნიან საკუთარ იდეებს, მსჯელობენ და წარადგენენ შედეგებს. თითოეული პროექტი განსხვავებულ სფეროსა და უნარებს უკავშირდება და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესიის მიღმა არსებული სამუშაო პროცესი თავად აღმოაჩინონ.
პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებს დაეხმაროს საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში, სხვადასხვა პროფესიის პრაქტიკულად გამოცდასა და მომავალი საგანმანათლებლო არჩევანის უფრო გააზრებულად გაკეთებაში. ამასთან, UG NEXT ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეები ავითარებენ შემოქმედებით და კრიტიკულ აზროვნებას, გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და იდეების წარდგენის უნარებს.
ვისთვის არის UG NEXT?
პროექტის გათვალისწინებულია X–XII კლასის მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ სხვადასხვა პროფესიული მიმართულება და სურთ, უნივერსიტეტის არჩევამდე გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები.
UG NEXT განსაკუთრებით საინტერესოა მათთვისაც, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია, რა პროფესია აირჩიოს. სხვადასხვა გამოწვევაში მონაწილეობა მათ საშუალებას მისცემს - აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, შეაფასონ საკუთარი ძლიერი მხარეები და უკეთ გაიგონ, რომელი მიმართულება შეესაბამება მათ.
რას სთავაზობს UG NEXT მონაწილეებს?
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ მათთვის საინტერესო პროექტი ან რამდენიმე განსხვავებული მიმართულების აქტივობაში ჩაერთონ. ამგვარად, UG NEXT ერთჯერად ღონისძიებაზე მეტია - ეს არის გამოცდილებების პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და შესაძლებლობების უკეთ გაცნობაში ეხმარება.