სიამაყით გაცნობებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მოიპოვა პრესტიჟული ჟან მონეს მოდულის (Jean Monnet Module) გრანტი პროექტისთვის – „ევროპის მწვანე შეთანხმების მმართველობა: კლიმატნეიტრალურობა, ციფრული ტრანსფორმაცია და სამოქალაქო ჩართულობა“ (EU Green Deal Governance: Climate Neutrality, Digital Transition and Civic Engagement - EU-GDG).
ჟან მონეს აქტივობები ევროპის კავშირის ერთ-ერთი გამორჩეული აკადემიური ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ევროპის კავშირის კვლევების სფეროში სწავლების, სწავლისა და კვლევის მაღალ ხარისხს. აღნიშნული გრანტის მოპოვება საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ევროპული ინტეგრაციისა და ევროპის კავშირის პოლიტიკის მიმართულებით კვლევაში, სწავლებასა და საჯარო დისკუსიაში მისი მზარდი წვლილის მნიშვნელოვანი აღიარებაა.
სამწლიანი პროექტი შეისწავლის ევროპის მწვანე შეთანხმების (European Green Deal) მმართველობის საკითხებს და ყურადღებას გაამახვილებს სამ ურთიერთდაკავშირებულ მიმართულებაზე: (ა) კლიმატნეიტრალურობა და ევროპის კავშირის კლიმატის სამართალი, (ბ) ციფრული ტრანსფორმაცია და (გ) მწვანე ტრანსფორმაცია სამოქალაქო ჩართულობა და დემოკრატიული მონაწილეობა მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში.
სპეციალურად შემუშავებული სასწავლო აკადემიური კურსის, სეზონური სკოლების, ექსპერტთა ჩართულობისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგის მეშვეობით, EU-GDG ხელს შეუწყობს ევროპის კავშირის კლიმატისა და ენერგეტიკის მმართველობის შესახებ ცოდნის გაღრმავებას და ექსპერტული დისკუსიის განვითარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში.
ეს წარმატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ევროპული სამართლის კვლევების მიმართულებით პოზიციონირებისა და საერთაშორისო მხარდაჭერით განხორციელებული აკადემიური კვლევისა და სწავლების შემდგომი გაძლიერების გზაზე.