წარმატებით დასრულდა, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის თინათინ ელბაქიძის ვიზიტი, ჩინეთში როგორც სიმპოზიუმებზე ისე ჩონცინის სამედიცინო უნივერსიტეტში.
აღსანიშნვია, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა დაამყარა თანამშრომლობა ლაბორატორიული მედიცინის საერთაშორისო მნიშვნელობის ცნობილ ექსპერტთან და მეცნიერთან, დოქტორ იუ-ვეი თენგთან. დოქტორი თენგი, რომლის ხანგრძლივი აკადემიური კარიერა უკავშირდება აშშ-ს ვანდერბილთის უნივერსიტეტს, ამჯერად წარმოადგენს ჩონცინის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კოლეჯის საპატიო აკადემიურ დეკანს. სწორედ ამის ფონზე, 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი თინათინ ელბაქიძე დოქტორ თენგის მიწვევით სტუმრობდა ჩონცინის სამედიცინო უნივერსიტეტს ჩინეთში.
მისი ვიზიტი მიზნად ისახავდა საერთაშორისო სიმპოზიუმებში და საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, ასევე, ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტსა და ჩონცინის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის არსებული სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას ერთიანი ჯანმრთელობის სფეროში.
ვიზიტის ფარგლებში, ქალბატონი თინათინი, ჩონცინის სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად, 29 ივნისს ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა ცინგჰაის პროვინციაში, ქალაქ ცინინგში, სადაც მონაწილეობა მიიღო დაგეგმილ ინსტიტუციურ შეხვედრებში ერთიანი ჯანმრთელობის მიმართულებით. სამუშაო სემინარები გაიმართა ორ წამყვან სამეცნიერო-კვლევით ცენტრში: “ცინგჰაის ენდემურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ინსტიტუტში” და “მაღალი მთის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში”. გამართულ სამეცნიერო სიმპოზიუმზე თემაზე „ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივა“ თინათინი მოხსენებით წარსდგა აღნიშნული ინსტიტუტების მკვლევრებისა და დარგის სპეციალისტების წინაშე.
შემოდგომ კი, მოხსენებით წარსდგა მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმზე ჩონჩინის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლეჯში, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების წინაშე. ძირითადი თემა ასევე ეხებოდა „ერთი სარტყელი, ერთი გზა ინიციატივა“-ს. გარდა ამისა, 3-18 ივლისს, ქალბატონმა თინათინმა, ბიოინფორმატიკის საფუძვლების ორკვირიანი ინტენსიური ტრენინგი ჩაატარა ამავე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის. ვიზიტის ფარგლებში მოინახულა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კოლეჯის სამეცნიერო ლაბორატორიები და გაეცნო მიმდინარე კვლევებს.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დასკვნით ეტაპზე, პარტნიორ მხარესთან ერთად, შემუშავდა ერთობლივი სამეცნიერო პროექტის სამუშაო ვერსია დოქტორ თენგის აკადემიურ გუნდთან სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უნივერსიტეტებს შორის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და ერთობლივი კვლევითი ინიციატივების განვითარებას. მოცემულ ეტაპზე, ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარების და დოქტორ თენგის აკადემიური გუნდის მიერ ჩატარებული ერთობლივი კვლევების შედეგები სამეცნიერო სტატიის სახით წარდგენილია გამოსაქვეყნებლად ისეთ ცნობილ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში, როგორიცაა Frontiers in Microbiology.