ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორის სტატიები პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა

7 October 2026

სტატიები "Sociodemographic and Maternal Predictors of Elevated Blood Lead Levels during Pregnancy in Adjara, Georgia" და "Maternal Blood Lead Level and Its Association with Birthweight and Preterm Birth in Adjara, Georgia" "საქართველოს უნივერსიტეტის" ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასოცირებული პროფესორის, თინათინ მანჯავიძის თანაავტორობით პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდა. ქვემოთ იხილავთ ავტორის პასუხებს ჩვენ მიერ საკითხის გარშემო დასმულ კითხვებზე.

1. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?

ტყვიის ზემოქმედება საქართველოში უკვე რამდენიმე წელია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა, უფრო ფართოდ თუ შევხედავთ, გარემოს დამაბინძურებლების გავლენა ჯანმრთელობაზე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კვლევითი მიმართულებაა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება აჩვენებს, რომ ადამიანები მუდმივად ექვემდებარებიან სხვადასხვა გარემო ფაქტორის ზემოქმედებას და ამ ფაქტორებს მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს როგორც ჯანმრთელობაზე, ისე მომავალ თაობებზე.

განსაკუთრებით მაინტერესებდა ორსულ ქალებსა და ნაყოფზე ტყვიის ექსპოზიციის გავლენა, რადგან ამ პერიოდში ნებისმიერი გარემო ფაქტორი შეიძლება ბავშვის ჯანმრთელობაზე აისახოს. ცნობილია, რომ ტყვიას შეუძლია პლაცენტის გავლით ნაყოფამდე მიღწევა და გავლენის მოხდენა მის ზრდასა და განვითარებაზე. ამასთან, ტყვია არის ძლიერი ნეიროტოქსინი და მისი უარყოფითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ დაბადებისას, არამედ ბავშვის შემდგომი განვითარების პროცესშიც.

საქართველოში ამ თემის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტყვიის ზემოქმედება ბავშვთა ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა, ტყვიის ექსპოზიცია კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო შეგვესწავლა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ ორსულ ქალებში ტყვიის გავრცელება და მისი შესაძლო შედეგები ახალშობილების ჯანმრთელობისთვის.

ჩვენი კვლევები გვაძლევდა უნიკალურ შესაძლებლობას საქართველოს დაბადების რეგისტრისა და აჭარის რეგიონში ტყვიის მონიტორინგის პროგრამის მონაცემების გამოყენებით შეგვესწავლა როგორც ტყვიის გავრცელება ორსულ ქალებში, ასევე მისი შესაძლო გავლენა ახალშობილთა ჯანმრთელობაზე. ჩემთვის, როგორც ეპიდემიოლოგისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო ის, რომ კვლევის შედეგებს შეიძლება პირდაპირი პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს. ასეთი კვლევები არ რჩება მხოლოდ აკადემიურ სივრცეში, არამედ ეხმარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებსა და გადაწყვეტილების მიმღებებს, შეიმუშაონ ეფექტური პრევენციული ღონისძიებები და უკეთ დაიცვან დედებისა და ბავშვების ჯანმრთელობა.

2. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?

კვლევის შედეგები ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და ჯანდაცვის სისტემას, უკეთ განსაზღვრონ ის ჯგუფები, რომლებიც ტყვიის ზემოქმედების მაღალი რისკის ქვეშ არიან. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ მიუხედავად ბოლო წლებში მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა, ტყვიის მომატებული დონეები ორსულ ქალებში კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად. ასევე დავადგინეთ, რომ ტყვიის უფრო მაღალი დონე დაკავშირებულია ახალშობილის დაბადების წონის შემცირებასთან. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის.

3. როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?

სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიის, გარემოს ჯანმრთელობისა და ბიოსტატისტიკის მიმართულებით მიმდინარე კვლევებში. ეს სფერო განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან აერთიანებს მონაცემთა ანალიზს და რეალურ საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობას. ამგვარი კვლევები სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანონ ისეთი პრობლემების გადაჭრაში, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე. ამ ეტაპზეც ვახორციელებთ კვლევას, რომელიც გულისმობს მოსახლეობასა და სამედიცინო პერსონალში ცოდნა-დამოკიდებულების განსაზღვრას ტყვიის ექსპოზიციის შესახებ. ამ პროცესში სტუდენტების ჩართულობა, განსაკუთრებით მონაცემების შეგროვების ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

4. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა აღნიშნული კვლევის ჩატარების დროს იყო სხვადასხვა მონაცემთა წყაროების, მათ შორის ტყვიის მონიტორინგის პროგრამისა და საქართველოს დაბადების რეგისტრის მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირება და მონაცემთა ვალიდაცია - ზოგადად, კვლევის პროცესში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია. ასევე მნიშვნელოვანი იყო სწორად შეგვეფასებინა და გამოგვეყენებინა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური და სტატისტიკური მეთოდები, რათა მართებულად შეგვეფასებინა ტყვიის ზემოქმედებისა და ორსულობის შედეგებს შორის კავშირები, ის დეტერმინანტები, რაც მოწყვლადს ხდის ორსულს ტყვიის ექსპოზიციის მიმართ. ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა ანალიზის, და კრიტიკული აზროვნების უნარები.

5. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?

კვლევის შედეგებმა დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც აკადემიურ, ისე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სპეციალისტებს შორის, რადგან ეს არის ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი კვლევა საქართველოში, რომელიც ორსულ ქალებში ტყვიის დონისა და ახალშობილთა ჯანმრთელობის შედეგების კავშირს სწავლობს. ნაშრომები გამოქვეყნდა საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თემის მნიშვნელობასა და შედეგების სანდოობას.

6. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?

კვლევა განხორციელდა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, მე ვმუშაობდი პროექტზე, როგორც ნორვეგიის არქტიკული უნივერსიტეტის (UiT The Arctic University of Norway) პოსტდოქტორანტი, უნივერსიტეტის პროფესორებთან და მკვლევარებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

რაიმე სახის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა კვლევას არ ჰქონია, თუმცა კვლევის წარმატებით განხორციელებას ხელი შეუწყო სხვადასხვა ინსტიტუციის პარტნიორობამ, მათ შორის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის კოლაბორაციამ, რამაც მონაცემების ხელმისაწვდომობა განაპირობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თანამშრომლობა საქართველოსა და ნორვეგიის მკვლევრებს შორის, რამაც შესაძლებელი გახადა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური მეთოდების გამოყენება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კვლევა დაეყრდნო საქართველოში არსებულ უნიკალურ მონაცემთა წყაროებს, მათ შორის დაბადების რეგისტრსა და ტყვიის მონიტორინგის პროგრამის მონაცემებს.

აღსანიშნავია, რომ ასეთი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს უწყობს არა მხოლოდ კონკრეტული კვლევის განხორციელებას, არამედ ქართველი მკვლევრების პროფესიულ განვითარებას, ცოდნის გაცვლასა და საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების გაძლიერებას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი