ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

სიახლეები

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი Springer Nature-ის დაჯილდოებულ რედაქტორებს შორის

19 November 2026

"საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორი, "ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა კოტეტიშვილი, საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობის, Springer Nature-ის მიერ შერჩეულ 121 რედაქტორს შორის მოხვდა. მან მიიღო Editor of Distinction Awards-ის ფარგლებში დაწესებული Author Service Award, რომელიც სამეცნიერო ნაშრომების რეცენზირების პროცესისა და სარედაქციო საქმიანობის ეფექტიანი მართვისთვის გამორჩეულ რედაქტორებს გადაეცემათ.

მამუკა კოტეტიშვილი 2024 წლიდან Springer Nature-ის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის, BMC Microbiology-ის აკადემიური რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრია, სადაც საქართველოს უნივერსიტეტს წარმოადგენს. მისი პროფესიული საქმიანობა უკავშირდება მიკრობიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას, ინფექციური დაავადებების კვლევასა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობას.

რედაქტორთა შერჩევისას მნიშვნელოვანია დარგობრივი კომპეტენცია, სამეცნიერო პუბლიკაციები, დამოუკიდებელი ექსპერტული შეფასების გამოცდილება და საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში აქტიურობა. აკადემიური რედაქტორის პასუხისმგებლობა მოიცავს ხელნაწერის სამეცნიერო შესაბამისობის შეფასებას, დამოუკიდებელი ექსპერტების შერჩევას, რეცენზირების პროცესის კოორდინაციასა და სარედაქციო გადაწყვეტილების მომზადებას.

Springer Nature მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო აკადემიური გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ საგამომცემლო ბრენდებს, როგორებიცაა Springer, Nature Portfolio და BMC. მისი საქმიანობა მოიცავს სამეცნიერო ცოდნის ხარისხის უზრუნველყოფას, საერთაშორისო გავრცელებასა და კვლევითი შედეგების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას. გამომცემლობის პორტფელი 3 000-ზე მეტ სამეცნიერო ჟურნალს აერთიანებს, ხოლო მისი საერთაშორისო აკადემიური ქსელი 200 000-ზე მეტ რედაქტორსა და მილიონზე მეტ რეცენზენტს მოიცავს.

მამუკა კოტეტიშვილის სარედაქციო საქმიანობა უკავშირდება კონკრეტულად BMC Microbiology-ს — საერთაშორისო, ღია წვდომის რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალს, რომელიც მიკრობიოლოგიის მრავალ მიმართულებას, მათ შორის მიკროორგანიზმების გენეტიკას, ინფექციურ დაავადებებს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობას, მიკრობულ ეკოლოგიასა და ბიოტექნოლოგიას აშუქებს. ჟურნალი ინდექსირებულია ისეთ საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში, როგორებიცაა Scopus, MEDLINE და Web of Science-ის Science Citation Index Expanded.

Author Service Award-ის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია ხელნაწერის მიღებიდან პირველი სარედაქციო გადაწყვეტილების მიღებამდე გასული დრო (Time to First Decision). გამომცემლობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმის მიხედვით, აღნიშნული კატეგორიის ჯილდოს იღებენ რედაქტორები, რომლებიც ამ მაჩვენებლით საუკეთესო 20%-ში ხვდებიან. შეფასებისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე, არამედ სამეცნიერო შეფასების დასაბუთებულობა, სამართლიანობა და რეცენზირების პროცესის ხარისხი.

საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლის მონაწილეობა საერთაშორისო სამეცნიერო გამომცემლობის სარედაქციო საქმიანობაში უნივერსიტეტის აკადემიური კომპეტენციისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში მისი ხილვადობის მნიშვნელოვანი მაგალითია. მიღებული გამოცდილება ასევე ქმნის შესაძლებლობას, უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და ახალგაზრდა მკვლევრებს გაუზიარდეთ საერთაშორისო გამოცემებში მუშაობის პრაქტიკა, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებისა და რეცენზირების სტანდარტები.

განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებას მიკრობიოლოგიის, ინფექციური დაავადებების, ანტიმიკრობული რეზისტენტობისა და „ერთი ჯანმრთელობის“ (One Health) მიმართულებებით, რაც საქართველოს უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. აღნიშნული გამოცდილება ხელს შეუწყობს ახალი კვლევითი ინიციატივების განვითარებას, საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაღრმავებასა და ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი