4 აპრილს, 09:00 საათიდან, საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებელთა მასშტაბურ ფორუმს - „გარდამავალი ეტაპები განათლებაში“ უმასპინძლებს, რომელიც განათლების სფეროს წარმომადგენლებს, პრაქტიკოსებსა და ექსპერტებს ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ფორუმი სრულად დაეთმობა იმ მნიშვნელოვან გარდამავალ ეტაპებს, რომლებიც განსაზღვრავს მოსწავლის განვითარების გზას: ბაღიდან სკოლაში გადასვლას, დაწყებითი საფეხურიდან საშუალოზე გადასვლას, დამამთავრებელ ეტაპს და უნივერსიტეტსა და პროფესიულ ცხოვრებაში ინტეგრაციას. ღონისძიება შეეხება არა მხოლოდ აკადემიურ გამოწვევებს, არამედ იმ მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ, სოციალურ და პროფესიულ ტრანსფორმაციებს, რომლებიც თითოეულ ამ ეტაპს ახლავს.
ფორუმის მიზანია განათლების სხვადასხვა საფეხურზე მომუშავე მასწავლებლების გაერთიანება პროფესიულ დიალოგში, რათა გაძლიერდეს ერთიანი ხედვა მოსწავლის განვითარების უწყვეტ გზაზე. მონაწილეები მოისმენენ ექსპერტთა მოხსენებებს, ჩაერთვებიან თემატურ ვორქშოფებში და მონაწილეობას მიიღებენ აქტიურ პროფესიულ დისკუსიებში. კონცეფცია ეფუძნება იდეას, რომ გარდამავალი ეტაპები ინდივიდუალური გამოცდილება არ არის - ეს არის განათლების სისტემის ერთიანი, ურთიერთდაკავშირებული პროცესი, სადაც სხვადასხვა საფეხურის მასწავლებლების თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
ფორუმი წარმოადგენს ახალი, მასშტაბური ინიციატივის - „საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ პირველ აქტივობას. პროექტი მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს მასწავლებლების პროფესიული როლის გაძლიერებას, მათ მხარდაჭერას და სკოლებსა და უნივერსიტეტს შორის მჭიდრო პარტნიორობის ჩამოყალიბებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შუალედური საგანმანათლებლო აქტივობები და წლის შემაჯამებელი ღონისძიება - „მასწავლებლის გავლენის ჯილდო“, რომელიც იმ პედაგოგებს გამოავლენს, რომელთა ინიციატივები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესზე.
ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მასწავლებლის ცენტრალურ როლს განათლების ეკოსისტემაში და აძლიერებს უნივერსიტეტის ხედვას იყოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი აქტორი, რომელიც ქმნის თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, მდგრად საგანმანათლებლო გარემოს.
დრო: 4 აპრილი, 09:00 საათი
ადგილი: თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, #519 საკონფერენციო დარბაზი