UG სამართლის კლინიკა წარმოადგენს სამართლებრივი დახმარებისა და კლინიკური განათლების ცენტრს, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საკონსტიტუციო მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვა.
კლინიკა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უწევს უფასო იურიდიულ მომსახურებას საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე. მომსახურება მოიცავს სამართლებრივი კონსულტაციის გაწევას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენი საკონსტიტუციო სარჩელებისა და სასამართლოს მეგობრის (amicus curiae) მოსაზრებების მომზადებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში წარმომადგენლობას.
კლინიკა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრთან თანამშრომლობით, სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე ახორციელებს სასამართლო პროცესების მონიტორინგსა და შეფასებას. სტუდენტები აკვირდებიან სასამართლო პროცესებს, აანალიზებენ მათ ადამიანის უფლებებისა და სამართლიანი სასამართლოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მონაწილეობენ შესაბამისი შეფასებებისა და ანგარიშების მომზადებაში.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის კლინიკაში პრაქტიკის გავლა სასწავლო პროგრამის სავალდებულო ნაწილია. კლინიკური სწავლების პროცესში სტუდენტები მუშაობენ რეალურ საქმეებზე და რეალურ ბენეფიციარებთან, გასცემენ სამართლებრივ კონსულტაციებს, ამზადებენ საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენ სარჩელებსა და amicus curiae მოსაზრებებს, ასევე ახორციელებენ წარმომადგენლობას კლინიკის ხელმძღვანელის ზედამხედველობით. ამ გზით სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ გამოცდილებას უკავშირებენ და პროფესიულ უნარებს ივითარებენ.
მისამართი: საქართველოს უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, კოსტავას ქ. №77ა, ოთახი №121
მოქალაქეთა მიღების საათები: ორშაბათი–პარასკევი, 11:00–17:00
Facebook: https://www.facebook.com/uglegalaid/