ანონსები
20-22 ივნისს, თბილისში, საერთაშორისო ტექნოლოგიური და ინოვაციური ღონისძიება Global Tech Weekend Tbilisi (GTWT) გაიმართება. ტექნოლოგიური კონფერენცია სამი დღის მანძილზე, თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა თემაზე ჩატარებულ ღონისძიებებს და რადიო ქალაქში დაგეგმილ მთავარ გამოფენა-წარდგენას აერთიანებს.
სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებები, მოხსენებები, პანელური დისკუსიები, პრეზენტაციები, სტარტაპების გამოფენა, ინდივიდუალური და საჯარო ქსელური შეხვედრები თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება.
რეგიონის უდიდესი ტექნოლოგიური შეკრების, Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია კი, სახელწოდებით "ახალი ეპოქის ჩამოყალიბება", 21 ივნისს რადიო ქალაქში გაიმართება.
კონფერენცია ფოკუსირებული იქნება ტექნოლოგიებსა და მასთან დაკავშირებულ სფეროებზე: ხელოვნური ინტელექტი (AI), ფინტექი, თამაშები, WEB3, აგროტექნიკა, მედია, ციფრული მარკეტინგი, კიბერ სპორტი და სხვა.
რადიო ქალაქში საერთაშორისო და ქართველი ტექნოლოგიური ლიდერები დამსწრეთათვის სამ სპეციალურ სივრცეში წარდგებიან - მთავარი სცენა, სტარტაპების გამოფენა და სტარტაპების კონკურსი. დამსწრეებს ასევე ექნებათ ექსკლუზიური შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ინდივიდუალურ შეხვედრებში ცნობილ ქართულ და საერთაშორისო ვენჩურული კაპიტალის ფონდებთან და მათ წარმომადგენლებთან.
საქართველოს უნივერსიტეტი Global Tech Weekend Tbilisi-ის ვერცხლის პარტნიორია, შესაბამისად, სამი დღის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვება სხვადასხვა ღონისძიებაში და დაინტერესებულ სტუმრებს საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს.
20 ივნისს, 7 საათზე საქართველოს უნივერსიტეტში ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამის ღია კარის დღე ჩატარდება. ყველას, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიური სფეროთი, სურს მიიღოს ინფორმაცია კრიპტოზე, ბლოკჩეინზე, Web 3.0 და მომავლის ტექნოლოგიებზე, საქართველოს უნივერსიტეტი ღია კარის დღეზე უმასპინძლებს. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს პროგრამის ხელმძღვანელი პირადად გაესაუბრება და მიაწვდის ინფორმაციას ბლოკჩეინსა და კრიპტოში კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
21 ივნისს, რადიო ქალაქში, მთავარი კონფერენციის ერთ-ერთ პანელზე - Blockchain for Governance: Dreams and Dangers -მომხსენებელი იქნება საქართველოს უნივერსიტეტის ბლოკჩეინის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ ჩხენკელი.
რადიო ქალაქში დაგეგმილ გამოფენაზე საქართველოს უნივერსიტეტის ინფორმატიკის დეპარტამენტი სპეციალური სტენდით წარდგება, სადაც დაინტერესებულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ინფორმაცია მიიღონ UG-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების შესახებ, ჩაერთონ სხვადასხვა ინტერაქციულ შეჯიბრში და გახდნენ უფასო სწავლის გამარჯვებული UG-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ერთ-ერთ პროგრამაზე.