Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot - ვენა, ავსტრია, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტუდენტური კონკურსია საერთაშორისო კომერციული სამართლისა და არბიტრაჟის მიმართულებით. რეალურ პრაქტიკასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ტრანსსასაზღვრო კომერციულ დავაზე მუშაობისას სტუდენტები ამზადებენ წერილობით მემორანდუმებს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან და მონაწილეობენ ზეპირ მოსმენებში საერთაშორისო არბიტრების წინაშე. კონკურსი ავითარებს სამართლებრივი კვლევის, წერითი და ზეპირი არგუმენტაციის, საქმის სტრატეგიული ანალიზის, გუნდური მუშაობისა და ადვოკატირების უნარებს. Vis Moot აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს, პროფესორებს, არბიტრებსა და წამყვანი საერთაშორისო იურიდიული ფირმების წარმომადგენლებს, რაც მონაწილეებს პროფესიული უკუკავშირის მიღებისა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კავშირების დამყარების უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
INADR-ის სამართლის სკოლების მედიაციის საერთაშორისო ტურნირი (ILSMT)
დავების გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემია (INADR) 2002 წელს დაფუძნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და იგი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც სათავე დაუდო საერთაშორისო მედიაციის ტურნირებს, სადაც სტუდენტები არა მხოლოდ ადვოკატისა და კლიენტის, არამედ უშუალოდ მედიატორის როლშიც გამოდიან. ორგანიზაციის მრავალწლიანი ისტორია 17-ზე მეტ მასპინძელ ქვეყანასა და 50-ზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მოიცავს.
ყოველ წელს, INADR მართავს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ - სამართლის სკოლის მედიაციის საერთაშორისო ტურნირს (ILSMT). ეს ტურნირი, როგორც წესი, იმართება გაზაფხულის სემესტრში და მასში მონაწილეობენ სამართლის სკოლისა და მაგისტრატურის სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. ლუწ წლებში ტურნირი ტარდება აშშ-ში, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (Loyola University Chicago), ხოლო კენტ წლებში - ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. მათ შორის, საქართველოს უნივერსიტეტს წილად ხვდა პატივი, ორჯერ ყოფილიყო ამ გლობალური მასშტაბის ღონისძიების მასპინძელი - 2021 წელს ვირტუალურ ფორმატში, ხოლო 2025 წელს უკვე უშუალოდ საქართველოს უნივერსიტეტის კედლებში მიეღო მონაწილეები მთელი მსოფლიოდან.
შეჯიბრება სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, სიღრმისეულად გაეცნონ მედიაციაში გამოყენებულ სხვადასხვა ფორმასა თუ ტექნიკას და პრაქტიკაში განავითარონ თავიანთი უნარები საერთაშორისო ასპარეზზე. ტრადიციული, დაპირისპირებაზე დაფუძნებული სასამართლო მოდელისგან განსხვავებით, ტურნირი ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, მოლაპარაკებებსა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაზე.
ამასთან, საქართველოს უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული აღიარებაა, რომ ამ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტის საპასუხისმგებლო პოსტზე, 2026 წლის ივლისიდან, არჩეულია ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი, რომელიც INADR-ს ორი წლის მანძილზე უხელმძღვანელებს და წარმოადგენს გლობალურ ასპარეზზე.
ICC International Commercial Mediation Competition , პარიზი, საფრანგეთი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სტუდენტური კონკურსი კომერციული მედიაციის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებსა და საერთაშორისო პრაქტიკოსებს. რეალურ ბიზნეს დავებზე დაფუძნებული სიმულაციების მეშვეობით მონაწილეები ავითარებენ მოლაპარაკების, მედიაციის, ეფექტიანი კომუნიკაციისა და პრობლემის გადაჭრის უნარებს. კონკურსი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვან მედიატორებს, იურისტებსა და დავების გადაწყვეტის სფეროს პროფესიონალებს, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროფესიული კავშირების შექმნის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს.
IBA-VIAC CDRC Vienna , ვენა, ავსტრია
საერთაშორისო კონკურსი კომერციული მედიაციისა და მოლაპარაკებების მიმართულებით, სადაც სტუდენტები პრაქტიკაში იყენებენ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების, ეფექტიანი კომუნიკაციისა და კონფლიქტის მართვის ტექნიკებს. კონკურსი მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ საერთაშორისო ექსპერტების უკუკავშირი და გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა. CDRC Vienna აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის მედიატორებს, იურისტებსა და დავების გადაწყვეტის ექსპერტებს, რაც სტუდენტებს საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ურთიერთობისა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს.
Bucerius Mediation Competition . ჰამბურგი, გერმანია
Bucerius Law School-ის საერთაშორისო მედიაციის კონკურსი სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს მედიაციის სიმულაციების მეშვეობით განავითარონ მოლაპარაკების, აქტიური მოსმენის, პრობლემის გადაჭრისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები. კონკურსი ასევე მნიშვნელოვანი მოსამზადებელი პლატფორმაა ICC Paris-ისა და CDRC Vienna-სთვის. კონკურსის ფარგლებში სტუდენტები ხვდებიან საერთაშორისო მედიატორებსა და დავების გადაწყვეტის სფეროს პრაქტიკოსებს და ქმნიან ღირებულ პროფესიულ კავშირებს.
ELI Young Lawyers Award — European Law Institute
European Law Institute-ის (ELI) საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა იურისტებისთვის, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს წარმოადგინონ საკუთარი სამართლებრივი იდეები და ნაშრომები ევროპული სამართლის აქტუალურ საკითხებზე. კონკურსი ხელს უწყობს სამართლებრივი კვლევის, აკადემიური წერის, კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტაციის უნარების განვითარებას. გამარჯვებულებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ნაშრომი წარადგინონ ELI-ის საერთაშორისო პროფესიული საზოგადოების წინაშე და დაამყარონ კავშირები სხვადასხვა ქვეყნის წამყვან იურისტებთან და სამართლის ექსპერტებთან.