სიახლეები
13 - 16 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (Ildiz Teknik University) თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად დაგეგმილია სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლა, ერთობლივი პროექტების განხორციელება და სხვა სამეცნიერო აქტივობები. თანამშრომლობის შედეგად ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში მომზადდება თურქოლოგიის ინგლისურენოვანი ერთობლივი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. სამუშაო ვიზიტისას შეხვედრები ასევე გაიმართა ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორთან- პროფესორ აჰმედ გოქსელ აღარგუნთან და განათლების ფაკულტეტის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის დროს საქართველოს უნივერსიტეტის დელეგაცია შავი ზღვის ტექნიკურ უნივერსიტეტსაც ( ტრაბიზონი ) ეწვია. სტუმრობისას ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის წარმომადგენლები საჯარო სემინარს: "საარქივო თურქოლოგიური კვლევები საქართველოში" დაესწრნენ, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თეა მეშველიშვილი უძღვებოდა. სემინარზე განიხილეს ქართული თურქოლოგიის წარსულისა და არსებული გამოწვევების ირგვლივ საკვანძო საკითხები. საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს შავი ზღვის უნივერსიტეტთან (ტრაბიზონი) და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი უკვე ოთხ თვეზე მეტია აგრძელებს კვლევით მუშაობას აღნიშნულ უნივერსიტეტში.