11–12 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია „რელიგია და არადემოკრატიული მმართველობები: თავისუფლება და რწმენა რეპრესიებისა და ჩაგვრის საპასუხოდ“, რომელმაც აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, უფლებადამცველებსა და რელიგიურ ლიდერებს მოუყარა თავი. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს რელიგიისა და პოლიტიკური ძალაუფლების ურთიერთობაზე, რწმენის თავისუფლებაზე, რელიგიური უმცირესობების მდგომარეობასა და რელიგიური ინსტიტუტების პასუხისმგებლობაზე ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვის პროცესში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკლესიებისა და რელიგიური თემების როლს არადემოკრატიული მმართველობის პირობებში, მათ პასუხისმგებლობასა და იმ ზღვარს, რომელიც თანამშრომლობასა და პოლიტიკური ძალაუფლების მორალურ ლეგიტიმაციას შორის გადის.
კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრისას, არჩილ მეტრეველმა, საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, აღნიშნა „რელიგია შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ძალაუფლების ლეგიტიმაციის, ისე ადამიანის ღირსების, თავისუფლებისა და სინდისის დაცვის მხარეს. სწორედ ეს წინააღმდეგობრივი გამოცდილება იყო კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა.“
მისივე შეფასებით, SOLA FORUM-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აკადემიური კვლევის, პრაქტიკული გამოცდილებისა და რელიგიური პერსპექტივის ერთ სივრცეში გაერთიანებაა „აქ ერთმანეთის გვერდით ისმის ისტორიკოსის, იურისტის, პოლიტოლოგის, თეოლოგის, სასულიერო პირისა და უშუალოდ რელიგიურ ცხოვრებაში ჩართული ადამიანის ხმა.“
კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს ავტორიტარული მმართველობის ისტორიული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მექანიზმები და რელიგიური თემების როლი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში. არჩილ მეტრეველმა ხაზი გაუსვა მსგავსი დისკუსიების ფართო საზოგადოებისთვის გაზიარების მნიშვნელობასაც „როდესაც ამ საკითხებზე ღია დისკუსია მიმდინარეობს, აკადემიური ცოდნა საზოგადოებრივ გამოცდილებას უკავშირდება და უფრო გააზრებული საუბრის შესაძლებლობას ქმნის რელიგიის, თავისუფლებისა და პოლიტიკური ძალაუფლების ურთიერთობაზე.“
აღსანიშნავია, რომ კონფერენციამ შექმნა ინტერდისციპლინური დიალოგის სივრცე და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა აკადემიური ცოდნის, პრაქტიკული გამოცდილებისა და რელიგიური პერსპექტივის გაერთიანების მნიშვნელობა ადამიანის ღირსების, სინდისისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის საკითხებზე.