სამი ქართველი, საქართველოს სახელით, ერთ-ერთ ყველაზე რთულ პოლარულ ექსპედიციას განახორციელებს. პროექტ „ცისკარი S90“-ის ფარგლებში ბიძინა გუჯაბიძე, გიორგი გოცირიძე და ნიკა ლებანიძე ანტარქტიდის უმაღლეს მწვერვალზე, ვინსონზე (4 892 მ), ავლენ, შემდეგ კი თხილამურებით 111-კილომეტრიან მარშრუტს სამხრეთ პოლუსამდე გაივლიან. ამ კომბინირებული მარშრუტის სრულად გავლა დღემდე მსოფლიოში დაახლოებით 150-მა ადამიანმა შეძლო.
თუმცა, „ცისკარი S90“ მხოლოდ სპორტული გამოწვევა არ არის. ექსპედიციის მნიშვნელოვანი მიზანია ანტარქტიდაზე სამეცნიერო დაკვირვებების განხორციელება, გეომორფოლოგიური და გლაციოლოგიური მონაცემების შეგროვება და კლიმატური ცვლილებების შესახებ ცოდნის გამდიდრება. ეს ინიციატივა საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო და შემეცნებით სივრცეში წარმოჩენის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაცაა.
საქართველოს უნივერსიტეტი „ცისკარი S90“-ის პარტნიორია და მხარს უჭერს ინიციატივას, რომელიც აერთიანებს კვლევას, ცოდნის შექმნასა და ახალი გამოცდილების მიღებას.
უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ თანამშრომლობის შესაძლებლობები მხოლოდ ექსპედიციის მხარდაჭერით არ შემოიფარგლოს. სწორედ ამიტომ შეიქმნა საქართველოს უნივერსიტეტის ანტარქტიდის ვირტუალური მისია - „შენი სახელით - ანტარქტიკაზე!“, რომელიც სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს ერთ საერთო გამოცდილებაში აერთიანებს.
ვირტუალურ მისიაში მონაწილეობით შეგიძლია, საკუთარი სახელი ანტარქტიდის ინტერაქციულ რუკაზე დატოვო. მონაწილეთა სახელები გაერთიანდება ციფრულ რეესტრში. თითოეული მონაწილე მიიღებს პერსონალურ ციფრულ ბარათსა და ექსპედიციის წევრის, ნიკა ლებანიძის მიერ სპეციალურად მისიისთვის ანტარქტიდაზე გადაღებულ ექსკლუზიურ ფოტოს.
საქართველოს უნივერსიტეტისთვის ეს თანამშრომლობა მხოლოდ პარტნიორობა არ არის - ეს არის შესაძლებლობა, ექსპედიციის გამოცდილება აკადემიურ და სტუდენტურ ცხოვრებას დაუკავშირდეს, ახალი ცოდნა და აღმოჩენები კი უნივერსიტეტის საზოგადოებასა და ფართო აუდიტორიას გაუზიარდეს.
ვირტუალურ მისიაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტსა და თანამშრომელს.
შემოუერთდი მისიას, აანთე შენი წითელი წერტილი რუკაზე და გახდი ამ განსაკუთრებული ისტორიის ნაწილი!
აენთე → შენი და ქვეყნის სახელით - ერთი საერთო მისიისთვის!