31 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან ერთი წლის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ხსოვნასა და მის სამეცნიერო მემკვიდრეობას მიეძღვნა. საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, შეხვედრამ გააერთიანა ცოტნე ჯავახიშვილის ოჯახის წევრები, ახლობლები და კოლეგები, ასევე უნივერსიტეტის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ გაიხსენა ცოტნე ჯავახიშვილის ცხოვრების, პროფესიული გზა და სამეცნიერო საქმიანობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მის სამეცნიერო ხედვასა და იმ მიმართულებების განვითარებას, რომელთა ჩამოყალიბებაშიც მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი ინსტიტუტის საქმიანობის პირველი წლის შეჯამებას დაეთმო. გუნდის წევრებმა ისაუბრეს განხორციელებულ საქმიანობაზე, მიღებულ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე. მათ შორის, დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საერთაშორისო სამეცნიერო ვიზიტებისა და პროფესიული განვითარების გამოცდილება Scripps Research Institute-ში (აშშ) - კვლევით ცენტრში, სადაც ცოტნე ჯავახიშვილი თავად მუშაობდა. ასევე მიმოიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობისა და ინსტიტუტის თანამშრომლების პროფესიული განვითარების შესაძლებლობები.
ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობა შესძინა ცოტნე ჯავახიშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების მონაწილეობამ, რომლებიც მასთან დაკავშირებულ პირად მოგონებებსა და ისტორიებს დამსწრე საზოგადოებას უზიარებდნენ
ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სინთეტური ბიოლოგიის ინსტიტუტი საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჰაბის ნაწილია. მისი დაფუძნების მიზანია მეცნიერის სამეცნიერო ხედვისა და მემკვიდრეობის გაგრძელება, სინთეტური ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიური კვლევების განვითარება, ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების შექმნა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. ინსტიტუტის გუნდი ცოტნე ჯავახიშვილის ყოფილი მოწაფეებისა და უახლოესი კოლეგებისგან შედგება. მათი საქმიანობა წარმოადგენს იმ სამეცნიერო იდეებისა და ღირებულებების გაგრძელებას, რომლებსაც მეცნიერი მთელი თავისი პროფესიული ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა.
ცოტნე ჯავახიშვილის სამეცნიერო მემკვიდრეობის გაგრძელებისა და მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს უნივერსიტეტი ასევე ახორციელებს ცოტნე ჯავახიშვილის სახელობის სამეცნიერო პრემიის დაარსების ინიციატივას. პრემია ორ წელიწადში ერთხელ გადაეცემა გამორჩეულ მეცნიერებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამ მიმართულებაში - ქიმიაში, ბიოლოგიასა და ფიზიკაში. პრემიის პირველი გადაცემის ღონისძიება 2026 წლის დეკემბერში იგეგმება. ინიციატივის მიზანია ინოვაციური კვლევების წახალისება და იმ მეცნიერთა საქმიანობის აღიარება, რომელთა წვლილი სამეცნიერო პროგრესსა და საზოგადოების განვითარებაში განსაკუთრებულია.
ინსტიტუტის დაარსებიდან ერთი წლის აღნიშვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ხედვას, რომლის მიხედვითაც მეცნიერების განვითარება მხოლოდ ცოდნის შექმნას არ გულისხმობს - ის მოითხოვს იდეების გაგრძელებას, ახალი თაობების მხარდაჭერასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან აქტიურ თანამშრომლობას.