საქართველოს უნივერსიტეტის V-Dem კავკასიის რეგიონულმა ცენტრმა და ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრმა საქართველოში ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობისა და სახელმწიფოს მიმართ პატერნალისტური დამოკიდებულებების შესახებ კვლევა ჩაატარეს. კვლევის შედეგები 17 ნოემბერს, საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ ღია სემინარზე წარადგინეს, რომელსაც ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე პანელური დისკუსიაც მოჰყვა.
კვლევის „პატერნალისტური დამოკიდებულებები და ახალგაზრდების სამოქალაქო პასიურობა საქართველოში“ მიზანი იყო, შეესწავლა, როგორ უკავშირდება სახელმწიფოს მიმართ 18-29 წლის ახალგაზრდების დამოკიდებულებები მათ სამოქალაქო ქმედითობასა და პასიურობას. კვლევა აერთიანებს 2026 წლის რაოდენობრივი კვლევის შედეგებსა და ახალგაზრდებთან ჩატარებული ექვსი ფოკუსჯგუფის თვისებრივ მიგნებებს.
კვლევის პრეზენტაციას მოჰყვა პანელური დისკუსია ახალგაზრდების სამოქალაქო მონაწილეობის საკითხებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტი მანი ჩარკვიანი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, მოძრაობა „დაიცავი ილიაუნის“ წევრი დავით მშვენიერაძე. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამოქალაქო აქტიურობის ხელშემწყობ გარემოებებზე.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს უნივერსიტეტის ახალგაზრდობისა და სოციალური კვლევის ცენტრი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და გამოცდილებებს იკვლევს და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის განვითარებას უწყობს ხელს, და V-Dem კავკასიის რეგიონული ცენტრი, რომელიც 2026 წლის თებერვალში საქართველოს უნივერსიტეტში გაიხსნა და სამხრეთ კავკასიაში დემოკრატიის განვითარების ტენდენციებსა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებებს შეისწავლის.