სტატია "Limited Comparative Evidence Between Metabolic Bariatric Surgery and Incretin-Based Pharmacotherapy for Weight Loss in Type 2 Diabetes" „საქართველოს უნივერსიტეტის“ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ასოცირებული პროფესორის, ლელა შენგელიას, თანაავტორობით გამოცემა Journal of Diabetes-ში გამოქვეყნდა. საკითხთან დაკავშირებით ჩვენს კითხვებს თავად ავტორი უპასუხებს.
1. რატომ დაინტერესდით ამ საკითხის კვლევით?
ბოლო წლებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და სიმსუქნის მართვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიცვალა. მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგია დიდი ხანია განიხილება, როგორც წონის მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი კლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდი, თუმცა თანამედროვე ინკრეტინზე დაფუძნებული ფარმაკოთერაპიის, მათ შორის GLP-1 რეცეპტორის აგონისტებისა და ორმაგი ინკრეტინული თერაპიის განვითარებამ მკურნალობის სრულიად ახალი შესაძლებლობები შექმნა.
ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო გახდა კითხვა: რა ვიცით ამ ორი სტრატეგიის უშუალო შედარების შესახებ ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში? სწორედ აქ აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სამეცნიერო პრობლემა — ორივე მიდგომის ეფექტიანობაზე ცალ-ცალკე საკმაოდ დიდი მოცულობის ლიტერატურა არსებობს, მაგრამ მათი პირდაპირი შედარებითი მტკიცებულება გაცილებით შეზღუდულია. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ სისტემური მიმოხილვისა და მეტაანალიზის მეთოდი, რათა არსებული კვლევები მაქსიმალურად სტრუქტურირებულად შეგვეფასებინა და დაგვენახა არა მხოლოდ ის, თუ რას გვეუბნება არსებული მტკიცებულება, არამედ ისიც, რა ჯერ კიდევ არ ვიცით.
ამ კვლევის იდეას საინტერესო აკადემიური ისტორიაც აქვს. იგი ჩვენი სტუდენტების სასწავლო და კვლევითი საქმიანობიდან განვითარდა. სტატიის პირველ ავტორს, Omar Baniowdeh-ს, გაუჩნდა იდეა, რომ სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა რეალურ კვლევით კითხვაზე გამოგვეყენებინა. იდეა თანდათან ჩამოყალიბდა სრულფასოვან სისტემურ მიმოხილვად და მეტაანალიზად, რომელიც საბოლოოდ Journal of Diabetes-ში გამოქვეყნდა.
2. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კვლევის შედეგს ადამიანების ყოფაზე?
ტიპი 2 დიაბეტი და ჭარბი წონა/სიმსუქნე ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მდგომარეობებია და მათი მართვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ გლიკემიურ კონტროლზე, არამედ გულ-სისხლძარღვთა რისკზე, ცხოვრების ხარისხსა და ჯანმრთელობის გრძელვადიან შედეგებზე. შესაბამისად, მკურნალობის ოპტიმალური სტრატეგიის არჩევას მნიშვნელოვანი კლინიკური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი კვლევის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი სწორედ ის არის, რომ მკურნალობის არჩევანი არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, თუ რომელი მეთოდი იწვევს წონის უფრო მეტ კლებას. გასათვალისწინებელია ეფექტის მდგრადობა, პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობა, თანმხლები დაავადებები, ქირურგიული რისკი, მედიკამენტის ხანგრძლივი გამოყენების საჭიროება, ხელმისაწვდომობა, ღირებულება და თავად პაციენტის არჩევანი.
ამავე დროს, სისტემურმა მიმოხილვამ გვაჩვენა, რომ თანამედროვე ინკრეტინულ თერაპიასა და მეტაბოლურ ქირურგიას შორის პირდაპირი შედარებითი კვლევების რაოდენობა ჯერ კიდევ შეზღუდულია. ამიტომ ჩვენი ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ არსებული შედეგების შეჯამება არ არის — ის ასევე მკაფიოდ აჩვენებს, სად არის საჭირო უფრო ძლიერი და გრძელვადიანი კვლევითი მტკიცებულება, რათა მომავალში კლინიკური გადაწყვეტილებები კიდევ უფრო ინფორმირებული გახდეს.
3. როგორ შეუძლიათ სტუდენტებს ჩაერთონ კვლევის ამ სფეროში და რატომ ურჩევდით მათ ამის გაკეთებას?
ეს კითხვა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ სასწავლო პროცესისა და კვლევის დაკავშირება არის ამ პუბლიკაციის ერთ-ერთი საინტერესო მხარე.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემიოლოგიისა და ბიოსტატისტიკის სწავლებისას სტუდენტები მუშაობენ სამეცნიერო ლიტერატურასთან და ამზადებენ თავიანთ პირველ ლიტერატურულ მიმოხილვებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს არ დარჩეს მხოლოდ სასწავლო დავალებად. სტუდენტებს ყოველთვის ვცდილობ ვაჩვენო, რომ კარგი კვლევითი კითხვა, რომელიც აუდიტორიაში ან სასწავლო დავალების შესრულებისას ჩნდება, შესაძლებელია გადაიზარდოს რეალურ სამეცნიერო პროექტში.
სწორედ ასე განვითარდა ეს კვლევაც. სტატიის პირველ ავტორს, Omar Baniowdeh-ს, გაუჩნდა იდეა, რომ მისთვის საინტერესო საკითხზე უფრო ღრმად გვემუშავა. გადავწყვიტეთ, რომ ლიტერატურული მიმოხილვის ფარგლებს გავცდენოდით და ჩაგვეტარებინა სრულფასოვანი სისტემური მიმოხილვა და მეტაანალიზი. სტუდენტები ჩართული იყვნენ კვლევის სხვადასხვა ეტაპზე და შედეგად თავდაპირველი იდეა საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომად იქცა.
ეს ჩვენი პირველი ასეთი გამოცდილება არ ყოფილა. ამავე კვლევითი თანამშრომლობის ფარგლებში მანამდე მომზადდა სისტემური მიმოხილვა „The Principle of Double Effect in Palliative Care: A Systematic Review of Ethical, Legal, and Clinical Perspectives“, რომელიც 2026 წელს BMC Palliative Care-ში გამოქვეყნდა. რამდენიმე სტუდენტი ორივე კვლევით პროექტში მონაწილეობდა, რაც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ერთჯერადი ჩართულობა თანდათან გადაიზარდა უფრო მდგრად კვლევით თანამშრომლობაში.
სტუდენტებს კვლევაში ჩართვას აუცილებლად ვურჩევდი, რადგან კვლევის მეთოდოლოგიის მხოლოდ თეორიულად სწავლა და რეალური კვლევის ჩატარება სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა. ამ პროცესში ისინი სწავლობენ კვლევითი კითხვის სწორად ჩამოყალიბებას, სამეცნიერო ინფორმაციის მოძიებასა და კრიტიკულ შეფასებას, მონაცემებთან მუშაობას, აკადემიურ წერას, გუნდურ თანამშრომლობას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მეცნიერულად კრიტიკულ აზროვნებას.
4. რა იყო მთავარი გამოწვევები და უნარები, რაც ამ კვლევის ჩატარებას უკავშირდება?
სისტემური მიმოხილვა და განსაკუთრებით მეტაანალიზი მეთოდოლოგიურად საკმაოდ კომპლექსური კვლევაა. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ისეთი კვლევების მოძიება, რომლებშიც მეტაბოლური/ბარიატრიული ქირურგია და ინკრეტინზე დაფუძნებული ფარმაკოთერაპია უშუალოდ ერთმანეთთან იყო შედარებული ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო კვლევებს შორის ჰეტეროგენობაც. განსხვავდებოდა პაციენტთა პოპულაციები, მკურნალობის მიდგომები, დაკვირვების ხანგრძლივობა და წონის კლების შეფასების დროითი წერტილები. შესაბამისად, საჭირო იყო არა მხოლოდ მონაცემების სტატისტიკური გაერთიანება, არამედ თითოეული კვლევის დიზაინისა და კლინიკური კონტექსტის ძალიან ფრთხილი ინტერპრეტაცია.
ასეთი კვლევა მოითხოვს რამდენიმე კომპეტენციის ერთდროულ გამოყენებას: სისტემური ლიტერატურული ძიების დაგეგმვას, კვლევების შერჩევას მკაფიო კრიტერიუმების მიხედვით, მონაცემების ექსტრაქციას, მიკერძოების რისკის შეფასებას, ბიოსტატისტიკურ ანალიზს და შედეგების კრიტიკულ ინტერპრეტაციას.
სტუდენტებისთვის განსაკუთრებით ღირებული იყო იმის დანახვა, რომ მეტაანალიზი მხოლოდ სტატისტიკური გამოთვლა არ არის. კარგი მეტაანალიზის საფუძველი სწორად ჩამოყალიბებული კვლევითი კითხვაა, ხოლო საბოლოო შედეგის მნიშვნელობა დამოკიდებულია იმ მტკიცებულების ხარისხზე, რომელსაც ვაერთიანებთ.
5. რა გამოხმაურება მოჰყვა უკვე ამ კონკრეტულ ნაშრომს?
ნაშრომი ახლახან გამოქვეყნდა Journal of Diabetes-ში, ამიტომ მისი სამეცნიერო გავლენის — მაგალითად, ციტირების ან სხვა ბიბლიომეტრიული მაჩვენებლების — შეფასება ამ ეტაპზე ჯერ ნაადრევია.
თუმცა ჩემთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია ის, რომ კვლევამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო რეცენზირების პროცესი და გამოქვეყნდა დიაბეტის სფეროზე სპეციალიზებულ სამეცნიერო ჟურნალში. განსაკუთრებით სასიამოვნოა ისიც, რომ კვლევა სტუდენტებთან თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა და ახლა საქართველოს უნივერსიტეტშიც დაინტერესდნენ მისი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობით.
მომავალში საინტერესო იქნება დაკვირვება, როგორ იქნება ნაშრომი გამოყენებული შემდგომ კვლევებში, რადგან ჩვენ მიერ გამოვლენილი შედარებითი მტკიცებულების სიმწირე თავისთავად მნიშვნელოვანი კვლევითი გზავნილია და აჩენს ახალი, უკეთ დაგეგმილი პირდაპირი შედარებითი კვლევების საჭიროებას.
6. რა დამატებითი დაფინანსება და მხარდაჭერა ჰქონდა ამ კვლევას?
ეს კვლევა არ ყოფილა დაფინანსებული ცალკე კვლევითი გრანტის ფარგლებში. მისი განხორციელება ძირითადად ეფუძნებოდა ავტორთა აკადემიურ თანამშრომლობას, სტუდენტების მოტივაციასა და კვლევით მენტორობას.
ჩემთვის ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანი კვლევითი იდეის განვითარებისთვის ყოველთვის აუცილებელი არ არის დიდი ფინანსური რესურსი. განსაკუთრებით სისტემური მიმოხილვის შემთხვევაში გადამწყვეტია კარგად ჩამოყალიბებული კვლევითი კითხვა, მეთოდოლოგიური ცოდნა, სამეცნიერო ლიტერატურაზე წვდომა, გუნდური მუშაობა და თანმიმდევრული მენტორობა.
ამავე დროს, უნივერსიტეტის გარემო, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის კვლევით თანამშრომლობას, ასეთი პროექტების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, მსგავსი გამოცდილება განსაკუთრებით ღირებულია ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესიდან რეალურ აკადემიურ კვლევამდე მთელი გზა გაიარონ.