2025 წლის 4 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, საკონსტიტუციო მართლმსაჯულების კლინიკის ფარგლებში გაიმართა იმიტირებული საკონსტიტუციო სასამართლო პროცესი.
ღონისძიება ეფუძნებოდა საქმეს „სამხარაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომელიც საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების დაცვას ეხება. კლინიკის სტუდენტებმა მოამზადეს და საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (amicus curiae) რაც მათ მიერ შესრულებული კვლევის და შედარებითი სამართლებრივი ანალიზის შედეგს წარმოადგენდა.
იმიტირებულ პროცესში სტუდენტებმა გადაინაწილეს სხვადასხვა როლები — მოსამართლეების, მოსარჩელის, მოპასუხის, მოწმეებისა და ექსპერტების პოზიციები.
მონაწილეებმა არა მხოლოდ პროცედურული ნორმების ღრმა ცოდნა და მათი გამოყენების უნარი წარმოაჩინეს, არამედ კომპლექსურად გააანალიზეს ადამიანის ძირითადი უფლებები, საჯარო სამსახურის პრინციპები და კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტური საფუძვლები.
მათი გამოსვლები ცხადად აჩვენებდა, რამდენად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეთა შრომითი უფლებების უზრუნველყოფა საჯარო სამსახურში და კონსტიტუციური სტანდარტების დაცვა კანონშემოქმედებაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, პროფესორები, “საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი-კონსტიტუციის 78-ე მუხლის” წარმომადგემლები და სხვა მოწვეული სტუმრები. საკონსტიტუციო მართლმსაჯულების კლინიკის სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესით წარმოაჩინეს კონსტიტუციური სამართლის პრაქტიკული ცოდნა.