23 სექტემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში, New Economic School - Georgia-სა და საქართველოს უნივერსიტეტის პარტნიორობით საჯარო დისკუსია „ცივილიზებულად ყოფნის გააზრება” (Reasoning about Being Civilized) გაიმართება. დისკუსიის ფარგლებში განიხილება ცივილიზაციის საფუძვლად ქცეული იდეებისა და ღირებულებების წარმოშობა, განვითარება და თანამედროვე მნიშვნელობა. მომხსენებლები ასევე ისაუბრებენ იმ იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, რომლებიც თანამედროვე სამყაროს წინაშე დგას.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემაა დასავლური ცივილიზაციის ინტელექტუალური საფუძვლები. დისკუსია შეეხება თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის იდეებს, სხვადასხვა იდეოლოგიურ მიდგომას, ადამიანის უფლებებსა და მათ ისტორიულ და თანამედროვე კონტექსტს.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმობა საგარეო პოლიტიკასა და ახლო აღმოსავლეთს. მომხსენებლები განიხილავენ რეგიონში არსებულ გამოწვევებს და იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია დესპოტიზმთან დაპირისპირებასა და თავისუფალი საზოგადოების პრინციპების დაცვასთან.
დისკუსია ორი თემატური პანელისგან შედგება და ინგლისურ ენაზე წარიმართება.
პირველ პანელზე წარდგებიან: „დასავლური ცივილიზაცია: წარმოშობა, იდეები და გამოწვევები“ - იარონ ბრუკი (Ayn Rand Institute-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ავტორი და საზოგადოებრივი ინტელექტუალი) ისაუბრებს დასავლური ცივილიზაციის ბუნებასა და წარმოშობაზე. გიგი თევზაძე (ფილოსოფოსი და მკვლევარი) განიხილავს მემარცხენეობის ევოლუციურ წარმოშობასა და საფუძვლებს და გია ჯანდიერი (ეკონომისტი და New Economic School - Georgia-ს ვიცე-პრეზიდენტი) მიმოიხილავს მარქსისტულ ფესვებს გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში 1849–1949 წლების კონტექსტში.
მეორე პანელი, სათაურით „საგარეო პოლიტიკა და ახლო აღმოსავლეთი“ - დაეთმობა საგარეო პოლიტიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებს. იარონ ბრუკი ისაუბრებს საგარეო პოლიტიკასა და რეგიონზე, ხოლო პაატა შეშელიძე (ეკონომისტი და New Economic School - Georgia-ს პრეზიდენტი) განიხილავს ახლო აღმოსავლეთის გამოწვევებს თემაზე: „ახლო აღმოსავლეთი: როგორ დავამარცხოთ დრაკონები ისე, რომ თავად არ ვიქცეთ დრაკონად“.
ღონისძიების თითოეული პანელი მოიცავს კითხვა-პასუხის ნაწილს, რაც დამსწრეებს შესაძლებლობას მისცემს, მომხსენებლებს განხილულ საკითხებზე კითხვები დაუსვან. დასწრება თავისუფალია.
დრო: 23 სექტემბერი, 17:00 საათი
ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას 77ა, საქართველოს უნივერსიტეტი, 519 საკონფერენციო დარბაზი