გაცნობებთ, რომ TOLES-ის მიმდინარე კურსის ყველა მსმენელმა წარმატებით მოიპოვა Band 1 (წარჩინებული) შეფასება TOLES Higher დონის სამართლებრივი ინგლისური ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდაზე, რაც ცალსახად ადასტურებს მათ მიერ სამართლებრივი ინგლისური ენის მაღალი პროფესიული უნარების შეძენასა და გაძლიერებას.
2025 წლის შემოდგომის ჯგუფმა დაასრულა ინტენსიური, 10-კვირიანი Higher Level სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავდა დიაგნოსტიკურ ინდივიდუალურ შეფასებებს, მრავალჯერად იმიტირებულ გამოცდებსა და კურსის ყოვლისმომცველ მასალებს, რათა პროგრამის მიმდინარეობის პროცესში მაქსიმალურად უზრუნველყოფილი ყოფილიყო მსმენელების ცოდნისა და უნარების გაძლიერება და გაღრმავება, როგორც ზეპირ, ისე წერილობით სამართლებრივ კომუნიკაციაში.
კურსს ხელმძღვანელობს TOLES-ის მიერ სერტიფიცირებული მაღალკვალიფიციური ტრენერი, სამართლის სკოლის ლექტორი - ცირა ჩორგოლიანი, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს სამართლებრივი ინგლისურისა და აკადემიური/სამართლებრივი წერის სწავლების სფეროში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის TOLES სამართლებრივი ინგლისურის ცენტრი არის პირველი ცენტრი კავკასიის რეგიონში, რომელმაც 2015 წელს მიიღო საერთაშორისო ავტორიზაცია. ცენტრი დაინტერესებულ პირებს ყოველწიულად რამდენჯერმე სთავაზობს სამართლებრივი ინგლისურის მოსამზადებელ კურსებსა და გლობალურად აღიარებულ TOLES სასერტიფიკატო გამოცდებს Foundation, Higher და Advanced დონეებზე.
ბოლო ათი წლის განმავლობაში ცენტრმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა UG-ის სამართლის სტუდენტების, ქართველი მოსამართლეების, სასამართლოს თანაშემწეების და პრაქტიკოსი იურისტების სამართლებრივი ინგლისური ენის ვერბალური და წერითი უნარების დახვეწასა და გაძლიერებაში. გარდა ამისა, ყოველი სემესტრის განმავლობაში უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს TOLES-ის გამოცდის საფასურს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამი სტუდენტისთვის, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი აკადემიური შედეგებით.