გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გავატარე 4 თვე და ვისწავლე ბუცერიუსის სამართლის სკოლაში. ეს არის სამართლის პირველი კერძო სკოლა, რომელიც გერმანიაში დაარსდა და კვლევების უმრავლესობის მიხედვით, დღემდე მიჩნეულია ქვეყანაში საუკეთესო სამართლის სკოლად. ჩემი სასწავლო მიმართულება იყო საერთაშორისო და შედარებითი ბიზნეს სამართალი.
ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს კურსის ლექტორებმა. პროგრამას უძღვებოდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მოწვეული ლექტორები, რომლებიც თეორიული სწავლების გარდა კურსს ავსებდნენ შემეცნებითი და პრაქტიკული აქტივობებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა სწავლის პროცესს.
პროგრამაში მონაწილეობდა 90-მდე სტუდენტი მსოფლიოს 24 ქვეყნიდან. კულტურული მრავალფეროვნება და განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა იყო დაუვიწყარი გამოცდილება, რომელიც პიროვნულ განვითარებაში დამეხმარა.
აღსანიშნავია ქალაქი ჰამბურგი - გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მწვანე, ეკომეგობრული ქალაქი. აქ აუცილებლად მოგხვდებათ თვალში მშვენიერი ბუნება და ტბები, რომელიც საოცრად ერწყმის ურბანულ გარემოს. ეს არის გერმანიის უმშვენიერესი საპორტო ქალაქი, რომელში უბრალო გასეირნებაც საინტერესო თავგადასავალია.
მიხარია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის დახმარებით, 2023 წლის შემოდგომის სემესტრი გავატარე ამ ქალაქში, სადაც გავაუმჯობესე ჩემი პროფესიული და პიროვნული უნარები, მივიღე პრაქტიკული ცოდნა და დაუვიწყარი გამოცდილება.