Latest NEWS
RAND Europe-თან თანამშრომლობის ფარგლებში, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის პროგრამის ხელმძღვანელმა, შალვა ძებისაშვილმა საჯარო სემინარი გამართა თემაზე: „NATO-ს სამხედრო შეკავების პრინციპი საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში“.
სემინარი შეეხებოდა შეკავების პრინციპის პოლიტიკურ და სამხედრო მნიშვნელობას, მის კონცეპტუალურ განვითარებას და ცივი ომის პერიოდიდან მიღებული გამოცდილების გაანალიზებას, ისევე, როგორც NATO-ს წევრობასთან, კანდიდატის სტატუსთან და, განსაკუთრებით, MAP-თან მიმართებით შეკავების კონცეფციის თანმდევ პრობლემებს.
უფრო კონკრეტულად, ძებისაშვილის მოსაზრებით, ალიანსის უნარის ნაკლებობა, უზრუნველყოს უფრო ადეკვატური შეკავება ქვეყნისთვის, რომლის სტატუსიც უბრალო პარტნიორობიდან ალიანსის წევრობის კანდიდატობამდე გაიზარდა, ქმნის ერთგვარ ხაფანგს NATO-სთვის. ხოლო ესკალაციის შიშით გაწევრიანების გაჭიანურება, ან მასზე უარის თქმა, რამდენად ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ ისეთ სამხედრო ესკალაციას იწვევს, რომლის თავიდან არიდებაც სურდა ალიანსს.